Morocco WTCC: Sebastien Loeb wins on debut
weekend for Citroen
14 აპრილი
ტურინგის კლასის მსოფლიო ჩემპიონატზე (WTCC) თავისი
გამოსვლა საებასტიან ლოებმა გამარჯვებით დაიწყო. რალის მსოფლიო ჩემპიონატის
ცხრაგზის გამარჯვებულმა, პირველივე ეტაპზე, რომელსაც მაროკოს ქალაქ მარაკეშის
ქუჩებმა უმასპინძლა, მეორე რბოლაში გამარჯვება მოიპოვა.
მეორე რბოლის სტარტზევე მოხდა ავარია, რომლის
გამოც, რბოლა წითელი ალმებით გააჩერეს. ავარია ჰოლანდიელ ტომ კორონელსა და მაროკოელ
მეჰდი ბენანის შორის მოხდა. კორონელის „შევროლე“ შეჯახებამ კედელზე მიანარცხა,
იქიდან ასხლეტილი, ფრანგი ივან მიულერის „სიტროენს“ დაეჯახა, რის შემდეგაც, გზის
მეორე მხარეს არსებულ კედელსაც დაეჯახა.
რესტარტამდე, კორონელმა და ბენანიმ დავა პიტლეინზე
გააგრძელეს. თუმცა მოგვიანებით, შერიგების ნიშნად ერთმანეთს გადაეხვივნენ. მაროკოელის
„ჰონდა“ ავარიამ ოდნავ დააზიანა და მან რბოლის გაგრძელება მოახერხა. უფრო მეტიც,
ლიდერობაც კი იგდო ხელთ. მას კვალში პორტუგალიელი ტიაგუ მონტეირუ და ლოები ჩაუდგნენ.
სხვათა შორის, ფრანგმა სტარტი მეცხრე პოზიციიდან აიღო, თუმცა მალევე შეძლო დაწინაურება.
მან მონტეირუს გასწრების პირველივე შანსი გამოიყენა, ერთი წრის შემდეგ კი ბენანიც
ზედ მიაყოლა. მოგვიანებით, სტიუარდებმა მაროკოელი კორონელთან ავარიაში დამნაშავედ მიიჩნიეს
და პიტლეინზე უქმე გავლით დასაჯეს.
სანამ ბენანი სასჯელს მოიხდიდა, ტრასაზე პეისკარი
მეორედ გამოვიდა. ამ დროს კი ლოების უახლოესი მდევარი უკვე მისი არგენტინელი თანაგუნდელი,
პირველი რბოლის გამარჯვებული ხოზე მარია ლოპესი იყო, რომელმაც მეორე გამარჯვებაც
სცადა, მაგრამ ლოებმა ამის საშუალება აღარ მისცა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის
ხაზი.
„ეს იმაზე მეტია, რასაც ველოდი. მეორე რბოლის სტარტზე
მეცხრეზე ვიდექი და მაინც მოვიგე. სტარტზე ჩემი მიზანი, შეჯახების თავიდან არიდება
იყო და მინდა ვთქვა, რომ გამიმართლა. შემდეგ კი გასწრებებიც გამომივიდა და ეს
ყველაფერი გამარჯვებით დამთავრდა. ძალიანაც კარგი“, - განაცხადა ლოებმა.
No comments:
Post a Comment