Thursday, April 3, 2014

„ლენდ როვერი“ ნიუ იორკში „დისქავერის“ მომავალ სახეს გვიჩვენებს

New Land Rover Discovery family previewed with Vision concept
3 აპრილი
ნიუ იორკის მოტორ შოუზე, „ლენდ როვერი“ კონცეპტუალურ მოდელ „დისქავერი ვიჟნ კონცეპტს“ გვიჩვენებს, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ როგორი იქნება სახელ „დისქავერის“ ქვეშ გაერთიანებული ავტომობილების მთელი ოჯახის გარეგნობა. ამ ავტომობილის ვიდეო ტიზერი კომპანიამ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა.
„უგზოობის ავტომობილები პრემიუმ დასვენებისთვის“, - ასე გვაცნობს ახალ „დისქავერის“ და მის ოჯახს ბრიტანული კომპანია და დასძენს, რომ ახალი ავტომობილი, „ლენდ როვერის“ ძირითადი პრინციპების - ემოციური დიზაინის, შეუდარებელი შესაძლებლობისა და მაქსიმალური მრავალმხრივობის შესაბამისად შეიქმნა. ეს ყველაფერი, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც მომხმარებელზეა ორიენტირებული, თვისობრივად ახალ დონეზეა აყვანილი.
მართალია, ვიდეო ტიზერი მოკლეა და ჩაბნელებულ ფონზეა გადაღებული, ის მაინც გვიჩვენებს, რომ დიზაინის ის სტილი, რომელიც კომპანიამ „დისქავერი 3-სა“ და 4-ზე გამოიყენა, რადიკალურადაა შეცვლილი. სახეზეა ინტერიერის უფრო დახვეწილი და პრაქტიკული, მაღალ დონეზე შესრულებული სტილი, რომელსაც მინიმალისტური მიდგომა ეტყობა. ამაში კი ინჟინრებს ცენტრალური სენსორული ეკრანი დაეხმარა, რომელიც ბევრ ფუნქციას ითავსებს. მისი მართვა კი ნაწილობრივ მბრუნავი ბერკეტ-ჯოისტიკით ხორციელდება.
ვიდეო ტიზერი წარმოდგენას ავტომობილის გარეგნობაზეც ქმნის. წინმორბედთან შედარებით, ახალი „დისქავერი“ უფრო გლუვი, აეროდინამიკურად დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა. ცნობილია, რომ პირველი სერიული ავტომობილი, რომელიც ამ სტილში შესრულდება, „ფრილენდერის“ შემცვლელია. ეს ავტომობილი კომპანიის დილერთა შოურუმებში ამ წლის ბოლოს უნდა გამოჩნდეს.
„ლენდ როვერის“ დიზაინის შეფ ჯერი მაკგოვერნის თქმით, „დისქავერი“ ის ავტომობილია, „რომელმაც „ლენდ როვერის“ ბრენდის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ეს ავტომობილი მთელს მსოფლიოშია აღიარებული, რისი წყალობითაც მას მომხმარებელთა მყარი ბაზა აქვს. ჩვენ შევიმუშავეთ „ვიჟნ კონცეპტი“, რომლითაც დიზაინის ახალ, მყარსა და რელევანტურ მიმართულებას წარმოვადგენთ, რომელიც თანამედროვე და მომავალ მომხმარებელთან ემოციურ დონეზე ჩამოაყალიბებს ურთიერთობას“.



No comments:

Post a Comment