დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, April 19, 2014

აბა რა! - ჰამილტონი ისევ პოულზე

Motor racing-Hamilton on pole for Mercedes in China
19 აპრილი
ოთხ რბოლაში სამი პოული - ეს ლუის ჰამილტონის მონაგარია. ოთხ რბოლაში ოთხი პოული - ეს მიღწევა კი „მერსედესს“ ეკუთვნის, რომლის პილოტებმაც შანჰაიმდე წინა სამი რბოლა მოიგეს. მათი მიღწევები აღარავის უკვირს და ალბათ სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში, დიდი პრიზების ცირკს სწორედ სამქიმიანი ვარსკვლავი გაანათებს. დანარჩენები კი ნასუფრალზე საუკეთესო ლუკმისთვის - მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
სამწუხაროა, რომ „ფერარის“ მიღწევად პირველ პრაქტიკაზე ფერნანდო ალონსოს საუკეთესო დროს ვუთვლით, „რედ ბულს“ კი, რომელიც წინა ოთხი სეზონი დომინირებდა, „დანარჩენებში საუკეთესოს“ წოდებისთვის ბრძოლა უწევს და ამ ეტაპზე, ესეც აკმაყოფილებს. შანჰაიშიც ასეა. თუმცა კვალიფიკაციაზე საქმეში წვიმა ჩაერია და ცოტა რამ შეცვალა. კერძოდ კი ის, რომ მოწინავე სამეულში „მერსედესის“ მხოლოდ ერთი პილოტია. ნიკო როსბერგი დაიჩაგრა. უფრო სწორედ, „რედ ბულის“ ბიჭებმა დაჩაგრეს. რბოლაში ნიკო ალბათ „თავისას“ დაიბრუნებს, მაგრამ თავის მეგობარ თანაგუნდელ ჰამილტონთან პაექრობა გაუჭირდება.
„ძალიან ცურავდა, ძალიან ძნელი იყო უშეცდომოდ გავლა და იმავდროულად, კარგი დროის ჩვენება. მაგრამ მე მაინც ვისიამოვნე. მანქანა შესანიშნავად მუშაობდა. ვიმედოვნებ, რომ რბოლაშიც ასე გავაგრძელებ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისთვისაც ეს კარიერაში 34-ე პოულია.
როსბერგმა განაცხადა, რომ მუხრუჭებს ნორმალურად ვერ გრძნობდა, რის გამოც, რამდენჯერმე მათი დაბლოკვა მოუწია. ამის გამო, რეალურად სწრაფი წრის გავლა ერთხელაც ვერ შეძლო. და მაინც, ბოლო ცდაზე შეეძლო გაცილებით უკეთესი დროის ჩვენება, მაგრამ საჭის ეკრანზე არსებულმა ტაიმერმა მცდარი დრო აჩვენა, რის გამოც, ზედმეტად გარისკა და შეცდომა დაუშვა.
მეხუთე დრო ჰქონდა ალონსოს, რომელმაც ერთი ნაბიჯით აჯობა თავის ყოფილ თანაგუნდელ ფელიპე მასას და ვალტერი ბოტასს. აღნიშვნას იმსახურებს ათეულში „ლოტუსის“ რომენ გროჟანის გამოჩენა. მართალია, ფრანგმა ჰამილტონთან სამ წამზე მეტი წააგო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ კვალიფიკაცია მთლიანად გაიარა. მისგან განსხვავებით, ტრასაზე საერთოდ არ გამოსულა პასტორ მალდონადო, ვინც სტარტზე ბოლო ადგილს დაიკავებს. ათეულში ვერ შევიდა კიმი რაიკონენი, ვისაც შანჰაიში ჯერჯერობით უპრობლემო სესია არ ჰქონია.

ჩინეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:53.860
2. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:54.455
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:54.960
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:55.143
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:55.637
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:56.147
7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:56.282
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:56.366
9. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:56.773
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:57.079
- - - - - - - - - -
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                         1:56.860
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:56.963
13. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                  1:57.289
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                  1:57.393
15. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                     1:57.675
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                  1:58.264
- - - - - - - - - -
17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:58.988
18. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                    1:59.260
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:59.326
20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)              2:00.646
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   2:00.865
22. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)      დროის გარეშე

No comments:

Post a Comment