Monday, April 14, 2014

დომენიკალი „ფერარის“ ტოვებს

Stefano Domenicali Quits Scuderia Ferrari, to Be Replaced by Marco Mattiacci
14 აპრილი
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ფერარის“ ფ1-ის გუნდის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს სტეფანო დომენიკალი, რომელსაც იტალიელი მარკო მატიაჩი შეცვლის. სეზონის დასაწყისში ასეთი რადიკალური ცვლილების მიზეზი, მარანელოელთა სერიოზული ჩავარდნაა. გუნდი ვერაფრით ახერხებს მოწინვეთა შორის დაბრუნებას და თუ ქულებს აგროვებს, მხოლოდ თავისი პილოტების - ფერნანდო ალონსოს და კიმი რაიკონენის წყალობით.
დომენიკალი „ფერარის“ სათავეში 2008 წელს ჩაუდგა და მაშინ მან ჟან ტოდტი შეცვალა. მას შემდეგ, სკუდერიამ მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს მოახერხა კონსტრუქტორთა თასის მოპოვება. მრბოლთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს კი, რომელზეც „ფერარის“ პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო ოცნებობს, ვერაფრით შესწვდა. სხვათა შორის, „ფერარის“ ბოლიდით ბოლოს ჩემპიონი რაიკონენი გახდა, რომელმაც 2007 წლის სეზონის ბოლო რბოლაში გადაასწრო „მაკლარენის“ პილოტებს, ალონსოს და ახალბედა ლუის ჰამილტონს, რომლებსაც საბოლოოდ თითო ქულით აჯობა.
სხვათა შორის, პარასკევს დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ „ფერარის“ ფ1-ის გუნდში ცვლილებებია მოსალოდნელი. დღეს ნაშუადღევს კი გუნდმა პრესას აუწყა, რომ დომენიკალიმ გადადგომა ითხოვა. ამასთან, გუნდმა თავის შეფს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ „ფერარის“ ერთგულად ემსახურა. რაც შეეხება მატიაჩის, ის აქამდე „ფერარი ნორთ ამერიკას“ მთავარი აღმასრულებლის პოსტზე მუშაობდა.
„ნებისიერის პროფესიულ ცხოვრებაში არის გარკვეული მომენტები, როცა უნდა გამოიჩინო ვაჟკაცობა და მიიღო ძალიან ძნელი და მტანჯველი გადაწყვეტილება. მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი ცვლილების დროა. როგორც ხელმძღვანელს, შექმნილ სიტუაციაში ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია. ეს გადაწყვეტილება გამიზნულია იმისთვის, რომ გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც ჯგუფის ინტერესებშია“, - განაცხადა დომენიკალიმ.
ამ სეზონში ჩატარებულ სამ რბოლაში „ფერარიმ“ მხოლოდ 33 ქულის მოპოვება შეძლო და კონსტრუქტორთა პირველობაზე მეხუთე ადგილზე იმყოფება. შედარებისთვის, ლიდერ „მერსედესს“ უკვე 111 ქულა აქვს. მარანელოელებისთვის ბაჰრეინის ეტაპი ნამდვილ კოშმარად იქცა - ალონსომ და რაიკონენმა მხოლოდ მე-9 და მე-10 ადგილების დაკავება შეძლეს. მართალია, ალონსომ ავსტრალიასა და მალაიზიაში რბოლები მე-4 ადგილზე დაასრულა, მაგრამ ეს „ფერარისთვის“ კრახის ტოლფასია...

No comments:

Post a Comment