დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 16, 2014

სურგულაძის დებიუტი ფორმულა რენო 2.0-ში

გასულ უქმეებზე, იტალიის სარბოლო ტრეკ მონცაზე შედგა ქართველი მრბოლის, ნიკა სურგულაძის დებიუტი ფორმულა რენო 2.0-ის ჩრდილოევროპულ სერიაში. ოღონდ, ფინური „კოირანენის“ ნაცვლად, მან ესპანური AVF-ის ბოლიდით იასპარეზა. ნიკამ ამ გუნდთან კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც შეუძლებელი გახდა „კოირანენის“ მიერ მოთხოვნილი შესატანის გადახდა.
არადა, ფინურ საჯინიბოსთან ერთად ჩატარებულ რამდენიმე სატესტო სესიაზე გამოჩნდა, რომ ქართველ მრბოლს, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, მომავალ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლის უნარი შესწევს. ამიტომ, გამოცდილების დასაგროვებლად, მისი AVF-ში გადასვლა და ჩრდილოევროპულ სერიაში გამოსვლა გადაწყდა.
სხვათა შორის, ეს გუნდი ოთხი პილოტითაა დაკომპლექტებული. მათში ყველაზე გამოცდილი 21 წლის ჰოლანდიელი როი გეერტსია, ვინც გასულ სეზონში, ფორმულა რენო 1.6-ის ჩრდილოევროპული ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა. ნიკას კიდევ ერთ თანაგუნდელს, 18 წლის ჩეხ იოჟეფ ზარუბას კი გასულ სეზონში ფორმულა რენო 2.0-ის ხუთ რბოლაში მიუღია მონაწილეობა. მესამე თანაგუნდელია 17 წლის ბრიტანელი მეტიუ გრემი, რომელმაც შარშან ბრიტანთის ფ4-ის ძალიან კონკურენტულ სერიაში მეოთხე ადგილი დაიკავა, შემდეგ კი ზამთრის სერიის ჩემპიონი გახდა. ნიკას ანგარიშზე მხოლოდ „კოირანენ GP-ს“ მანქანით ტესტები და საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე რბოლაში მონაწილეობაა.
მოკლედ, ამ სეზონს ნიკასთვის გამოცდილების დაგროვების დანიშნულება აქვს და მისი მიზანი არ არის გამარჯვებისთვის ბრძოლა. და მონცას ორ რბოლაში დაკავებული მე-18 და მე-20 ადგილები (32 მონაწილეს შორის) მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენებურმა ავტოსპორტის კიბეზე მორიგი ორი ნაბიჯი გადადგა.
სერიის მორიგ ეტაპს, ბრიტანეთის სილვერსტოუნი, 25 მაისს უმასპინძლებს.

No comments:

Post a Comment