Saturday, March 29, 2014

„ტოიოტას“ ლე მანის ჰიბრიდული პროტოტიპი - TS040

Toyota to Take on Porsche and Audi with New 1,000PS TS040 Hybrid Racer
29 მარტი
„ტოიოტამ“ პოლ რიკარის ტრეკზე, თავისი ახალი ჰიბრიდული სარბოლი პროტოტიპი, TS040 წარადგინა. ეს ავტომობილი ასევე ჰიბრიდულ TS030-ს შეცვლის, რომლითაც იაპონურმა კომპანიამ, გამძლეობაზე რბოლების წინა ორ სეზონში იასპარეზა. ახალი პროტოტიპით, „ტოიოტა“ გერმანული კომპანიების, „აუდის“ და „პორშეს“ ჰიბრიდულ პროტოტიპებს გაუწევს კონკურენციას.

„ტოიოტას“ პროტოტიპის ჰიბრიდულ სისტემაში შედის ბენზინის 3.7-ლიტრიანი V8 ძრავი, რომლის სიმძლავრე 520 ცხენის ძალაა და ელექტრო ძრავები, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 480 ცხენის ძალაა. შიდაწვის ძრავი უკანა ბორბლებს ატრიალებს, ელექტრულები კი - ოთხივეს. ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას აღწევს. ოღონდ, ელექტრული ძალა მუდმივად არ მუშაობს. ელექტრო ძრავებს ენერგიით მძლავრი კონდენსატორები კვებავს, რომლებიც სწრაფად განიმუხტება. შედარებისთვის, TS030 მხოლოდ ერთი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც უკანა ღერძს უკავშირდება. ეს ავტომობილი უკანა ამძრავიანია.
დამუხრუჭებისას, ელექტრო ძრავები გენერატორების როლს ასრულებენ. ამ დროს, შენელების ძალას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნიან. მიღებული ენერგია გარდამქმნელს გაივლის და კონდენსატორებში გროვდება. აჩქარებისას კი ძრავი-გენრატორები უკვე მთავარ დანიშნულებას ასრულებენ და ბორბლებს დამატებითი ძალით ამარაგებენ.
ცნობისათვის, „პორშეს“ პროტოტიპი „919 ჰაიბრიდი“, ბენზინის 2.0-ლიტრიანი V4 ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, „აუდის“ უახლეს „R18 e-ტრონ კვატროს“ კი დიზელის 4.0-ლიტრიანი TDI V6 ამოძრავებს. ამასთან, ორივე ავტომობილი ენერგიის აღდგენის სისტემებითაცაა აღჭურვილი.
ახალი პროტოტიპის პრეზენტაციაზე, „ტოიოტამ“ თავისი პილოტებიც დაასახელა. ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, ავსტრიელი ალექს ვურცი, ფრანგი სტეფან სარაზენი და იაპონელი კაზუკი ნაკაძიმა ნომერ 7 პროტოტიპით იასპარეზებენ, ფ1-ის ყოფილი პილოტი, ბრიტანელი ენტონი დვიდსონი, ასევე ფ1-ის ყოფილი პილოტი, შვეიცარიელი სებასტიან ბუემი და ფრანგი ნიკოლას ლაპიერი კი ნომერ პროტოტიპით იასპარეზებენ.

No comments:

Post a Comment