Thursday, March 13, 2014

„მერსედეს-ბენცი“ მხოლოდ ოთხ პლატფორმას დაიტოვებს

Mercedes-Benz Will Switch to Just Four Car Platforms
13 მარტი
თანამედროვე ავტოინდუსტრიაში, ელექტრიფიკაციის და მსუბუქი მასალების ინტენსიურად გამოყენების გარდა, ერთ-ერთი მთავარი ტრენდი პლატფორმების უნიფიკაციაა. უკვე დიდი ხანია, „ტოიოტა“ თავის სამოდელო არმადას ოთხ ძირითად პლატფორმაზე ამყნობს, რომლებსაც ბევრი მაკომპლექტებელი საერთო აქვს. ახლახანს „ფოლკსვაგენმა“ მოდულურ პლატფორმა MQB-ს დანერგვა დაიწყო და მასზე, თავის ოჯახში შემავალი კომპანიების 40-ზე მეტი მოდელის გამოშვებას გეგმავს. მოდულურ პლატფორმებს სხვა კომპანიებიც ინტენსიურად ქმნიან...
და ამ ტრენდს პრემიუმ სეგმენტის კომპანიებიც აჰყვნენ. „აუდის“, როგორც „ფოლკსვაგენის“ ოჯახის წევრს, ეს თავისთავად გამოსდის. და თუ იგივეს „ბეემვე“ და „მერსედესიც“ არ გააკეთებენ, ოთხრგოლიანებს უპირატესობას ნებით ჩააბარებენ. რა თქმა უნდა, ისინი ამას არ აპირებენ და კონკურენტს ახალ სტრატეგიებს უპირისპირებენ. მაგალითად, მალე „მერსედეს-ბენცი“ თავისი ძალიან გაზრდილი სამოდელო გამისთვის, მხოლოდ ოთხ პლატფორმას გამოიყენებს. ამ სვლით, არამხოლოდ ავტომობილების შემუშავებისთვის საჭირო ხარჯები, არამედ ამისათვის საჭირო დროც ძლიერ შემცირდება. ეს ყველაფერი კი კომპანიას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
პლატფორმა MFA (მოდულარ ფრონტ არქიტექჩა - მოდულური წინა არქიტექტურა). ამ პლატფორმას უკვე იყენებენ A-კლასის, B-კლასის, CLA-სა და უახლესი GLA-ს წარმოებისთვის. მასზევე მალე გამოუშვებენ „CLA შუტინგ ბრეიკს“ და შესაძლოა „SLA როდსტერს“, რომლის წარმოების გადაწყვეტილებაზეც კომპანია მალე იმსჯელებს. თუმცა, თუ მისი წარმოება გადაწყდა, მას მეორე თაობის MFA პლატფორმაზე ააგებენ, რომელიც მზად 2017 წელს იქნება.
პლატფორმა MRA (მოდულარ რეარ არქიტექჩა - მოდულური უკანა არქიტექტურა). ამ პლატფორმის დებიუტი უახლეს C-კლასთან (W205) ერთად შედგა. მასში უხვადაა გამოყენებული ალუმინი, რითაც სტრუქტურის წონა შემცირდა. ეს ფიქსირებული ბაზის მქონე პლატფორმა MFA-ზე გაცილებით მოქნილი არქიტექტურაა და მასზე ათზე მეტი სხვადასხვა ავტომობილის გამოშვებაა შესაძლებელი. მისი თავისებურება ისაა, რომ შესაძლებელია ბორბლებს შორის ბაზის და პლატფორმის სიგანის შეცვლა.
პლატფორმა MHA (მოდულარ ჰაი არქიტექჩა - მოდულური მაღალი არქიტექტურა). სახელითაც მიხვდებით, რომ ის დიდი ზომის უგზოობის ავტომობილებისთვის და ქროსოვერებისთვის არის განკუთვნილი. მალე გამოვა მასზე დაფუძნებული MLC. ამავე პლატფორმაზე ააგებენ შემდეგი თაობის ML-ს და GL-ს. უფრო პატარა ქროსოვერებისთვის სამქიმიანები MRA (GLK-ს და GLC-სთვის) და MFA (GLA-სთვის) პლატფორმებს გამოიყენებენ.
დაბოლოს, პლატფორმა MSA (მოდულარ სპორტს არქიტექჩა - მოდულური სპორტული არქიტექტურა). ამის დანიშნულებასაც სახელიდანვე მიხვდებით. მის წარმოებაში უხვად გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტსა და ალუმინს. მაგალითად, შემდეგი თაობის SLK მოდფიცირებული C-კლასის პლატფორმის მაგივრად, MSA-ზე დაემყნობა. იგივე სიტუაციაა სხვა სპორტულ ავტომობილებთან დაკავშირებითაც.

No comments:

Post a Comment