Thursday, March 6, 2014

„ფორდ მონდეო ვინიალე“ ევროპელებს ჟენევაში გაეცნო

Ford Mondeo Vignale unveiled
6 მარტი
„ფორდის“ უახლესმა, პრემიუმ ქვე-ბრენდმა „ვინიალემ“ ევროპასაც მიაღწია. მისი პირველი ავტომობილი, სედან „მონდეოს“ ტოპ ვერსიის ევროპული პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა. პრეზენტაციაზე ცისფერმა ოვალმა განაცხადა, რომ ამ ქვე-ბრენდის ავტომობილების მომხმარებლები, „მაღალი დონის ავტომობილის ფლობით სიამოვნებას მიიღებენ“.
„მონდეო ვინიალე“ ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილია, თუმცა კონვეიერამდე ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი. ევროპულ ბაზარზე მისი დებიუტი, ჩვეულებრივი „მონდეოს“ გამოსვლის შემდეგ მოხდება. ამ უკანასკნელს კი მიმდინარე წლის ბოლოს ვიხილავთ. „მონდეოს“ შემდეგ, პრემიუმ სპეციფიკაციის „ვინიალე“ ვერსიებს, მინივენ „S-მაქსის“ და უგზოობის „ეჯის“ ბაზაზეც გამოუშვებენ.
გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი „მონდეოსგან“ გარეგნობითაც და ინტერიერის უფრო მაღალი დონით განსხვავდება, „ვინიალეს“ სედანის მყიდველს, „ფორდის“ დილერები უფრო მაღალი დონის, ეგრეთ წოდებული კონსიერჟის ტიპის მომსახურებასაც შესთავაზებენ. როგორც „ფორდ ოფ იუროპის“ გაყიდვების შეფი რიოლანტ დე ვაარდი ამბობს, „ეს ავტომობილი მათთვისაა, ვისაც მუდმივად ეჩქარება, დამოუკიდებლად აზროვნებს და სურს, რომ ყოველთვის განსაკუთრებულ გარემოში გრძნობდეს თავს“.
„ვინიალეს“ მარკით გამოშვებული ავტომობილები, „ფორდის“ მოდელების ტოპ ვერსიები იქნება და ისინი ახლანდელ ტოპ ვერსია „ტიტანიუმ X-ზე“ მაღალ საფეხურს დაიკავებენ. მარკეტოლოგების გათვლებით, ვერსია „ვინიალეზე“ ამათუიმ მოდელის გაყიდვების დაახლოებით 10-15 პროცენტი მოვა. ცისფერი ოვალის ევროპული შტოს დიზაინის შტოს შეფი მარტინ სმიტი ამბობს, რომ „ვინიალეს“ ხაზის ავტომობილების შემუშავებისას, დიზაინერები „შთაგონების წყაროდ, თანამედროვე ინდუსტრიული დიზაინის დნმ-ს გამოიყენებენ“.
„მონდეო ვინიალეს“ გამოარჩევს რადიატორის ქრომირებული ცხაური, შეცვლილი ფორმის წინა ბამპერი, შუქდიოდური სანისლე ფარები, უნიკალური ფორმის, 20-დუიმიანი ბორბლები, კარის ქრომირებული სახელურები და ასევე ქრომირებული გარე სარკეები და რა თქმა უნდა, წარწერა Vignale გამოარჩევს. ამასთან, ავტომობილზე ვერ ნახავთ წარწერას Mondeo.
როგორც პრემიუმ დონეს შეეფერება, ავტომობილის სავარძლები ტყავითაა გაწყობილი. ტყავითაა შესრულებული კარის შიდა ელემენტები, მაჩვენებლების დაფა, ცენტრალური კონსოლი და რა თქმა უნდა, საჭის რგოლიც. სალონი უკაბელო ინტერნეტ კავშირითაა აღჭურვილი.
დაბოლოს, „ვინიალეს“ ავტომობილების გაყიდვის უფლებას, „ფორდის“ მიერ წინასწარ შერჩეული დილერები მიიღებენ, რომლებსაც ამ ავტომობილებისთვის ცალკე შოურუმების მოწყობა მოუწევთ. დილერები უზრუნველყოფენ მათ მიერ გაყიდული ავტომობილების (ამ ავტომობილების არსებობის განმავლობაში) უფასო რეცხვას და სალონის დასუფთავებას.

No comments:

Post a Comment