Sunday, March 23, 2014

„ვოლვოს“ ავტომობილები მძღოლის ემოციების წაკითხვას სწავლობენ

Volvo Wants to Make Drowsiness Detectors More Complicated
23 მარტი
ავტომწარმოებლები და სხვა კომპანიებიც კი, უკვე სრულიად ავტონომიურ რეჟიმში მომუშავე ავტომობილებს ტესტავენ. „გუგლი“ ამას საერთო სარგებლობის გზებზე აკეთებს და თავისი უპილოტო „პრიუსით“ ნახევარი მილიონი კილომეტრი ისე გაიარა, ერთადერთი ინციდენტი შეემთხვა და ისიც, სხვისი მიზეზით. მალე მფრინავ ხალიჩას არა, მაგრამ რაღაც მსგავსს დავინახავთ ტრასაზე...
ეგ კი არა, მალე შესაძლოა მანქანბმა ლაპარაკი და სიცილიც ისწავლონ. ყოველ შემთხვევაში, „ვოლვო“ უკვე ატარებს ექსპერიმენტებს ისეთ სისტემებზე, რომლებიც ადამიანის ემოციების წაკითხვას შესძლებენ. ჰოდა, თუ ეს მოხერხდა, მაშინ იმავე ემოციების გამოხატვა რატომღა გაუჭირდებათ? ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს და არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ფანტაზიებს ახორციელებენ. „ვოლვოს“ ჯადოქრებიც მათ შორის არიან.
შვედური კომპანია ცდის სისტემას, რომელიც საჭის რგოლის უკან, მაჩვენებლების დაფაზე თავსდება და ინფრაწითელი სხივებით უთვალთვალებს მძღოლს. თვალთვალი ემოციების კონტროლში აისახება, უფრო კონკრეტულად კი, ამ სხივით, სისტემას შეუძლია მიხვდეს, როდისაა მძღოლი დაღლილი, ან როდის თვლემს. სხვათა შორის, მგავსი სისტემა „სამსუნგმა“ თავის „გალაქსი S4-ზე“ უკვე გამოიყენა. სისტემა თუ დაადგენს, რომ ტელეფონის ეკრანს თვალი მოაშორეთ, მაგალითად იუთუბის კლიპის ჩვენებას შეაჩერებს და მაშინვე განაახლებს, როგორც კი შეამჩნევს, რომ მზერა ისევ ეკრანზე გადაიტანეთ.
„ვოლვოს“ შემთხვევაში, სისტემის მუშაობა უფრო რთულია, რადგან ელექტრონიკას სუბიექტური „მოსაზრებით“ მოუწევს თქვენი დაღლის, ან თვლემის დადგენა. მაგრამ ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მას ეს უკვე შეუძლია. და რას იზამს, თუ ჩაგეძინათ? ან გზას მზერა მოაცილეთ? ვიბრაციით ან ხმოვანი სიგნალით გაგაღვიძებთ (გაგაფრთხილებთ), თან ავტომობილის უსაფრთხოების სისტემებს სრული მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანს. თუ დაღლილი ბრძანდებით, ავტომობილის ელექტრონიკა ისევ „იფხიზლებს“ და ყველანაირი საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნაში იქნება.
პროექტის ხელმძღვანელი პერ ლანდფორსი ამბობს, რომ მომავალში, აღნიშნული სისტემა სრულად ინტეგრირდება ავტოპილოტის სისტემასთან, რის შემდგაც, თუ მძღოლი ყურადღებას მოადუნებს, მაშინ მართვას სწორედ ავტოპილოტი აიღებს თავის თავზე. გარდა ამისა, სისტემას მძღოლის ამოცნობის უნარიც ექნება და როგორც კი ის სამუშაო ადგილზე მოთავსდება, სალონს - საჭის რგოლს, სავარძელს, სატერფულებს, მისი (დამახსოვრებული) პარამეტრების შესაბამისად მომართავს.

No comments:

Post a Comment