Saturday, March 22, 2014

„ფორდი“ უფრო მსუბუქ და ეკონომიურ „ტორასს“ ამზადებს

Next Ford Taurus Planned to be Lighter, More Efficient, Based on Fusion
22 მარტი
„ფორდის“ თანამედროვე ავტომობილებიდან, ყველაზე ნაკლებად განვითარებული, სრულგაბარიტიანი სედანი „ტორასია“, რომელსაც განახლების შემდეგ (ფოტოზე), გარეგნობაც კორპორატიულ სტილში მოუწყვეს და სერია ეკობუსტის (365-ცხენისძალიანი V6) ძრავითაც აღჭურვეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ავტომობილი კონკურენტუნარიანი გამხდარიყო. შესაძლოა ეს მის გაყიდვებზე ნაკლებად აისახება, მაგრამ თავად ცისფერი ოვალი აღიარებს, რომ „ტორასი“ მეტისმეტად მძიმეა.
მაგრამ ყველაფერი მალე შეიცვლება. კერძოდ მაშინ, როგორც კი ბაზარზე ამ ავტომობილის მეშვიდე თაობა გამოვა. აღსანიშნავია, რომ მეექვსე თაობის „ტორასის“ გაყიდვები 2010 წელს დაიწყო, განახლება კი შარშან ჩაუტარდა. მეშვიდ კი ალბათ მომავალი წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. რაც მთავარია, ამ ავტომობილს ყველა ნაკლი გამოუსწორდება.
ცნობილია, რომ ახალი „ტორასი“ ახლანდელი, ძალიან პოპულარული „ფიუჟნის“ მოდიფიცირებულ პლატფორმაზე აიგება, რაც საგრძნობლად შეამსუბუქებს. შესაბამისად, ავტომობილი წინა ამძრავიანი იქნება. სხვათა შორის, ახლანდელ „ტორასს“ ბევრი რამ „ვოლვოსგან“ აქვს აღებული - სულ ცოტა ხნის წინ ხომ შვედური კომპანია ცისფერი ოვალის ოჯახის წევრი იყო. არადა, „ვოლვოს“ პლატფორმაში მეტწილად ალუმინია გამოყენებული, როცა „ტორასის“ ვარიანტში მსუბუქი მეტალი ფოლადით შეიცვალა. ამან კონსტრუქცია ძალიან დაამძიმა. საბოლოოდ, სრულგაბარიტიანი „ტორასი“ თითქმის იმდენივეს იწონს, რამდენსაც გრძელბაზიანი „აუდი A8 L“.
შეიცვლება „ტორასის“ დიზაინიც. მართალია, ფეისლიფტის შემდეგ ის „ფორდის“ კორპორატიულ სტილს მოერგო, მაგრამ მაინც საკმაოდ ბრუტალურად გამოიყურება. ამ ზომის ავტომობილისთვის ეს ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ „ფორდში“ თვლიან, რომ ამ მხრივაც საქმე გამოსასწორებელია. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ცისფერი ოვალი ახალ „ტორასს“ გერმანელ „თანაკლასელებთან“ (აუდი A6, მერსედეს E-კლასი და ბეემვე მე-5 სერია) საკონკურენციოდ ამზადებს!

No comments:

Post a Comment