Monday, March 17, 2014

„რეინჯ როვერ ევოუკ ავტობაიოგრაფი დაინემიქსი“ ჟენევაში

Range Rover's Hotter Evoque Autobiography Dynamic Edition Packs 285PS
17 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე წარდგენილი ეს ავტომობილი არ არის ისეთი სწრაფი და აგრესიული, როგორებიცაა „ბეემვეს“ M და „აუდის“ RS ბრენდით გამოშვებული ქროსოვერები, თუმცა საბაზო „ევოუკზე“ მეტი სიმძლავრითაც გამოირჩევა და მისი მართვაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. მისი სრული სახელია „რეინჯ როვერ ევოუკ ავტობაიოგრაფი დაინემიქსი“ და გარდა იმისა, რომ მას ძრავი აქვს გაძლიერებული, მოდიფიცირებული შასითაც გამოირჩევა.
„ევოუკ ავტობაიოგრაფი დაინემიქსს“ მბიძგველ ძალას ისევ ბენზინის 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი ანიჭებს, ოღონდ მისი სიმძლავრე 240-დან 285 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაქსიმალურმა მაბრუნმა მომენტმა კი 400 ნიუტონმეტრს (60 ნმ-ით მეტია სტანდარტული ძრავის მომენტზე) მიაღწია. ძრავთან წყვილში მუშაობს კომპანია ZF-ის 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც სრულ ამძრავიანი ტრანსმისიის გავლით, მამოძრავებელ ძალას ყველა ბორბალს უნაწილებს. ამ ტანდემის დახმარებით, „ევოუკის“ სპეციალურ ვერსიას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 6.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 225 კმ/სთ-ია.
გარდა ამისა, „ლენდ როვერის“ ინჟინრებმა დახვეწეს ავტომობილის საჭის მექანიზმი, შეცვალეს დაკიდების სისტემის გეომეტრია, ზამბარები უფრო ხისტი გახდა, ადაპტირებად ამორტიზატორებს კი კალიბრაცია შეუცვალეს. წინა მუხრუჭებს 350-მილიმეტრიანი დისკოები ემსახურება. ავტომობილი ალუმინის ნაჭედ 20-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს.
სპეცალურ ვერსიაზე „ლენდ როვერმა“ პირველად გამოიყენ მულტიმედური სისტემა „ინკონექტ lTM Apps“, რომელიც მალე საბაზო „ევოუკის“ კომპლექტაციაშიც შევა. ეს სისტემა „ეპლის“ და „ანდროიდის“ სისტემის მობილურებთანაა თავსებადი. სპეციალურ პორტთან ტელეფონის დაკავშირების შემდეგ, მისი მართვა ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული სენსორული ეკრანითაც შეიძლება.

No comments:

Post a Comment