Sunday, March 16, 2014

როსბერგმა სეზონის გახსნითი რბოლა მოიგო

Motor racing-Mercedes' Rosberg wins season-opening Australian GP
16 მარტი
„მერსედესმა“ ფავორიტობა დაადასტურა, „მაკლარენი“ კვარცხლბეკით დაბრუნდა, ჩემპიონი „რედ ბული“ კი უქულოდ დარჩა. თანაც, ეს ახალი რეგლამენტის „წყალობაა“. ავსტრალიის დიდმა პრიზმა კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა - სამი დებიუტანტიდან ორმა რბოლა ქულებით დაასრულა, ამათგან ერთი კი კვარცხლბეკზე ავიდა.
მოკლედ, ერთი შეხედვით, რბოლა საინტერესო იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ის დრო, როდესაც გამარჯვების შანსი ერთდროულად რამდენიმე პილოტს ჰქონდა, ჯერჯერობით დავივიწყოთ. ახლა „მერსედესის“ დომინაციის ჯერია, თუმცა მელბურნში „რედ ბულს“ კოჭებზე დაეტყო, რომ სამქიმიანებს დიდხანს არ გააჯეჯილებს.
ნიკო როსბერგმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მან სტარტზევე შეძლო თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის ჩამოტოვება და ფინიშამდე მოწინავე პოზიცია არ დაუთმია. თანც, მთელი რბოლის განმავლობაში, ის სოლიდურ უპირატესობას ფლობდა და ისეთი შთაბეჭდილებაც კი დატოვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ტემპსაც გაზრდიდა. საბოლოოდ, მან 24.5 წამით აჯობა მეორეზე გასულ დანიელ რიკარდოს. ფინიშის ხაზი მესამემ კევინ მაგნუსენმა გადაკვეთა.
„შესანიშნავია, ეს რა მანქანა მომეცით, რა მანქანაა“, - როსბერგმა რადიოთი გადაუხადა მადლობა თავის თანაგუნდელებს. ეს მის მიერ კარიერაში მოგებული მეოთხე დიდი პრიზია, რომელთაგან ბოლო შარშან, ბრიტანეთში ჰქონდა მოპოვებული. სხვათა შორის, მაშინაც მან ჰამილტონის და სებასტიან ფეტელის ტექნიკური პრობლემებით იხეირა.
ჰამილტონმა რბოლის დასაწყისშივე დაკარგა სიმძლავრე და მესამე წრეზე გაჩერდა კიდეც. როგორც გაირკვა, მისი ძრავის ექვსი ცილიდნრიდან ერთი არ მუშაობდა. ეს სტარტზევე მოხდა და სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მწვანე შუქზევე მას როსბერგმა და რიკარდომ გაასწრეს. ძრავის პრობლემების გამო, მალე ფეტელიც გაჩერდა, რომელმაც სტარტი მე-12 პოზიციიდან აიღო. ამგვარად, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, გამარჯვებათა ცხრარბოლიანი სერია შეუწყდა.
საერთოდ, 22 მანქანიდან სტარტზე 14-მა მიაღწია. ამათგან ორს - კამუი კობაიაშის და ფელიპე მასას სტარტზევე ავარია მოუვიდათ. დანარჩენებს კი ფინიშამდე მიღწევის საშუალება ტექნიკურმა პრობლემებმა არ მისცა.
შესანიშნავად იასპარეზა რიკარდმ, რომელიც დანარჩენებს შორის საუკეთესო იყო. რბოლის მიწურულს მას მაგნუსენი წამოეწია, მაგრამ დანიელმა გასწრება არც სცადა. ფ1-ის ახალბედასთვის სადებიუტო რბოლაშივე ფინიში უფრო მნიშვნელოვანი იყო, თანაც კვარცხლბეკზე. მოგვიანებით კი მეორე ადგილი უბრძოლველად ჩაბარდა.
რიკარდოს მეორე ადგილმა ძალიან გაახარა ავსტრალიელი მაყურებელი და რა თქმა უნდა, „რედ ბული“, მაგრამ სამწუხაროდ, მალე სიხარული გაწბილებამ შეცვალა.
რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა დაადგინეს, რომ რიკარდოს მანქანაზე საწვავი გადახარჯული იყო. ამიტომ, ავსტრალიელის შედეგი გაუქმდა და პელოტონის განლაგებამაც ერთი საფეხურით წინ წაინცვლა. ამგვარად, მაგნუსენს მეორე ადგილი ხვდა წილად, მის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს კი - მესამე. თუმცა, როგორც ირკვევა, რიკარდოს დისკვალიფიკაცია სადაოა და „რედ ბული“ ამ გადაწყვეტილებას „რენოსთან“ ერთად გაასაჩივრებს. ავსტრიული გუნდი თვლის, რომ საწვავის ხარჯის გადამწოდი დიდი ცდომილებითაა დაკალიბრებული. სხვათა შორის, გადამწოდს გაუმართაობის გამო, გუნდმა ავსტრალიელის მანქანაზე გადამწოდი გამოცვალა, მაგრამ როგორც ჩანს, არც ახალი მუშაობდა სათანადოდ.
რაც შეეხება მაგნუსენს, ის პირველი დანიელი მრბოლია, ვინც ფ1-ის რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა. სხვათა შორის, მან ზუსტად ისე დაიწყო თავისი ფ1-ის კარიერა, როგორც ჰამილტონმა - სადებიუტო კვალიფიკაციაზე მეოთხე იყო, რბოლაში კი მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა რიკარდოს დისკვალიფიკაციამ ერთი საფეხურით წინ წასწია. რაც შეეხება „მაკლარენს“ 2012 წლის შემდეგ, მისმა პილოტმა პირველად შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა.
კარგად იასპარეზა ვალტერი ბოტასმა, ვისაც რბოლის დასაწყისში ინციდენტი შეემთხვა - ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოსვლისას, უკანა მარჯვენა ბორბლით კედელს შეეხო, რამაც ბორბალი და საბურავი დააზიანა. ფინელმა სამი ბორბლით ბოქსებს მიაშურა და ტრასაზე დაბრუნებული, მე-15 ადგილზე აღმოჩნდა. ბოტასს ის გარემოება დაეხმარა, რომ ტარასაზე მისი ბორბლის ნამსხვრევები დარჩა, რის გამოც, პელოტონს ცოტა ხნით სათავეში პელოტონი მოექცა. ამ დროს, ყველამ ბოქსებს მიაშურა და ბოტასის დანაკარგიც შემცირდა. მანაც ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა და რბოლა მე-6 ადგილზე დაასრულა, რომელიც მალე მეხუთედ გადაკეთდა...






ავსტრალიის დიდი პრიზი
მელბურნი, ალბერტ პარკი. დისტანცია 307.574 კმ (5.303 კმ, 58 წრე)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:32:58.710
2. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       00:26.777
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              00:30.027
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 00:35.284
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  00:47.639
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)         00:50.718
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                          00:57.675
8. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           01:00.441
9. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                   01:03.585
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                  01:25.916
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                  1 წრე
12. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1 წრე
13. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   2 წრე
გ. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      8 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 14 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        28 წრე
გ. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)               30 წრე
გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            54 წრე
გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)        55 წრე
გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                      57 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      57 წრე
დსკ. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)    +00:24.525

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:32.478, მე-19 წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი - 25 ქულა; 2. კევინ მაგნუსენი - 18; 3. ჯენსონ ბატონი - 15; 4. ფერნანდო ალონსო - 12; 5. ვალტერი ბოტასი - 10; 6. ნიკო ჰულკენბერგი - 8; 7. კიმი რაიკონენი - 6; 8. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 9. დანილ კვიატი 2; 10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) - 1

კონსტრუქტორთა თასი
1. მაკლარენ-მერსედესი - 33 ქულა; 2. მერსედესი - 25; 3. ფერარი - 18; 5. უილიამს-მერსედესი - 10; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 9; 7. ტორო როსო-რენო - 6

No comments:

Post a Comment