Saturday, March 15, 2014

ჰამილტონმა და „მერსედესმა“ პოულით დაიწყეს

„რედ ბული“ ისევ „აქ არის“
Hamilton takes pole for Mercedes at Australian GP
15 მარტი
ფ1-ის ახალი სეზონის პირველივე რბოლის კვალიფიკაციაზე, „მერსედესის“ პილოტები რომ პოულისთვის იბრძოლებდნენ, ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარებოდა. მაგრამ მათს პაექრობაში თუ „რედ ბულის“ პილოტი ჩაერთვებოდა, ამას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა იმის ფონზე, რომ ჩემპიონებმა წინასასეზონო ტესტები პრაქტიკულად ჩააგდეს. თანაც, ლაპარაკია არა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელზე, არამედ მის ახალ თანაგუნდელ დანიელ რიკარდოზე.
ავსტრალიელმა მთელი კვალიფიკაცია შესანიშნავად ჩაატარა. მშრალზეც და წვიმაშიც, ის ერთადერთი იყო, ვინც სამქიმიანებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და დამსახურებულად ჩადგა მათ შუაში. უფრო მეტიც, ჰამილტონმა ბოლო ცდაზეღა შეძლო „რედ ბულის“ პილოტის უკან მოტოვება. ეს იმ დროს, როცა კვალიფიკაციის დასკვნით ეტაპზე ვერ გავიდა არამხოლოდ ფეტელი, არამედ „ფერარიში“ დაბრუნებული კიმი რაიკონენი და გამოცოცხლებული „მაკლარენის“ ჯენსონ ბატონი. ამათ ფონზე ნამდვილი სენსაცია იყო ათეულში ორი ახალბედას - „მაკლარენის“ კევინ მაგნუსენის და „ტორო როსოს“ დანილ კვიატის ხილვა.
ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ფეტელის ათეულის მიღმა დარჩენა. არაა გამორიცხული, რომ ეს იმ შეცდომის ბრალი იყოს, რომელიც მან კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე დაუშვა, როცა მისი ბოლიდის მარჯვენა უკანა ბორბალი კედელს შეეხო. ყოველ შემთხვევაში, გერმანელი მოწინავეთა შორის ერთხელაც არ გამოჩენილა. სესიის მეორე ნაწილში შეცდომა დაუშვა რაიკონენმაც - სველ ტრასაზე ფინელს მანქანა „გაექცა“ რაც კედელთან კონტაქტით დასრულდა. მისი ავარიის გამო რომ სტიუარდებმა ყვითელი აანთეს, ამან ბატონს სწრაფი წრის სწრაფად დასრულების საშუალება არ მისცა და ისიც გარეთ დარჩა.
ფეტელმა კვალიფიკაცია მე-13 დროით კი დაასრულა, მაგრამ ერთი ადგილით წინ წაიწევს, რადგან ვალტერი ბოტასს, რომელსაც მეათე დრო ჰქონდა, მანქანაზე გადაცემათა კოლოფი შეუცვალეს, რის გამოც, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დადგება. სხვათა შორის, ათეულში ბოტასის ახალი თანაგუნდელი ფელიპე მასაც მოხვდა. „უილიამსის“ შარშანდელი კრახის შემდეგ, ამ გუნდს ორივე პილოტის მოწინავეთა შორის ყოფნა სერიოზული წინსვლაა, რაც ნაწილობრივ „მერსედესის“ ძრავების დამსახურებაა. ფეტელისთვის, ვინც მელბურნამდე, ბოლო ცხრა რბოლა მოიგო, ეს 2012 წლის ბელგიური ეტაპის შემდეგ, ეს ყველაზე ცუდი შედეგია კვალიფიკაციებზე. სპაზე ის სტარტზე მე-11 ადგილზე იდგა, რბოლა კი მეორე ადგილზე დაასრულა.
პრობლემებს თავი ისევ ვერ მოაბეს „ლოტუსში“, რომლის ორივე პილოტი პელოტონის კუდშია. პასტორ მალდონადომ დროის დაფიქსირებაც კი ვერ შეძლო. მისგან განსხვავებით, რომენ გროჟანმა ეს მოახერხა, მაგრამ ვაი ასეთ მოხერხებას. ბოლო დროის დაფიქსირება მოასწრო, მერე კი მანქანაზე კონტროლი დაკარგა...

ავსტრალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:44.231
2. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:44.548
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:44.595
4. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                        1:45.745
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:45.819
6. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:45.864
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:46.030
8. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:47.368
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:48.079
10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:48.147
- - - - - - - - - -
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:44.437
12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                         1:44.494
13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)          1:44.668
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                  1:45.655
15. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                    1:45.867
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                  1:47.293
- - - - - - - - - -
17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:34.293
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:34.794
19. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:35.117
20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)              1:35.157
21. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:36.993
22. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)      დროის გარეშე

No comments:

Post a Comment