Wednesday, March 5, 2014

ბაქო ფორმულა 1-ის რბოლას უმასპინძლებს

F1 heading for Azerbaijan debut - Ecclestone
5 მარტი
არაა გამორიცხული, რომ 2015 წელს ფორმულა ერთის კალენდარში აზერბაიჯანის დიდი პრიზი გამოჩნდეს. ამაზე თვით ბერნი ეკლსტოუნი ლაპარაკობს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფ1-ის მასპინძლობას ბაქო აპირებს, პირველად შარშან გამოჩნდა. მაგრამ მაშინ კონკრეტულ ვადებზე ლაპარაკი არ ყოფილა. ამჯერად კი უკვე 2015 წელს ასახელებენ.
ლონდონურ გაზეთ „ტაიმსის“ ინფორმაციით, ეკლსტოუნმა განაცხადა, რომ თუ ბაქო რბოლას სეზონის მიწურულს ჩაატარებს, მაშინ 2015 წელი რეალური დროა. თუ არა, მაშინ აზერბაიჯანში პირველი რბოლა 2016 წელს ჩატარდება. რაც შეეხება ტრასას, ამისთვის მრავალმილიონიანი ინვესტიცია საჭირო არ იქნბა - ასპარეზობა ქალაქის ქუჩებში, კერძოდ კი დროშის მოედნის მიმდებარე ტრასაზე ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ, ბაქომ პირველად უმასპინძლა ფორმულა ერთს. ეს იყო „რედ ბულის“ საჩვენებელი გამოსვლა, რომელშიც ბრიტანელ დევიდ კულტჰარდთან ერთად, მონაწილეობა ქართველმა მრბოლებმა, დათა ქაჯაიამ და კონსტანტინე კოლიაშვილმაც (ამერიკენ ლეჯენდსის კლასის სარბოლი ავტომობილებით) მიიღეს. შარშან კი ბაქომ FIA GT-ს ჩემპიონატის ბოლო ეტაპს უმასპინძლა, რომელშიც რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა, სებასტიან ლოებმაც იასპარეზა. ამ სერიის ბოლო ეტაპი წლევანდელ კალენდარშიც შედის.
გაჩნდა ვარაუდი, რომ უკრაინში რუსეთის შეჭრის გამო, რუსული ეტაპი კალენდრიდან ამოვარდეს. თუმცა ეკლსტოუნს ამის გაგონებაც არ სურს. მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ რუსეთი დიდი ბაზარია და მას სოლიდური მოგების მოტანა შეუძლია. უფრო მეტიც, ეკლსტოუნი მალე რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რათა სოჭში ღამის რბოლის ჩატარებაზე შეთანხმებას მიაღწიოს.
არაა გამორიცხული, რომ ფ1-ის კალენდარში ბაქომ გერმანული ეტაპი ჩაანაცვლოს, რადგან ნურბურგრინგის მფლობელებს, ფ1-ის ეტაპის მასპინძლობისთვის საჭირო თანხები არ გააჩნიათ. სხვათა შორის, ეკლსტოუნი ამ ტრასის შეძენას აპირებდა და მზად იყო, მასში 50 მილიონი დოლარი გადაეხადა, მაგრამ აუქციონზე საწადელს ვერ მიაღწია.

No comments:

Post a Comment