Monday, March 24, 2014

1964 წლის „ფორდ GT40“ პროტოტიპი აუქციონზე გაიყიდება

1964 Ford GT40 Prototype Going Under the Hammer Next Month
24 მარტი
ამერიკული მოტორსპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული (თუ ყველაზე გამორჩეული არა) ავტომობილი „ფორდ GT40-ია“. მას ლე მანის რბოლა ზედიზედ ოთხჯერ (1966-1969 წლებში) აქვს მოგებული. ის ბოლო ამერიკული ავტომობილია, რომელმაც ლეგენდარული 24-საათანი რბოლის მოგება შეძლო. მართალია, GT40-ების უმეტესობა ბრიტანეთში დამზადდა, მაგრამ პროგრამას ატლანტიკის ორივე მხარეს ლეგენდარული ქეროლ შელბი უძღვებოდა, ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ავტოინჟინერი.
ბუნებრივია, ასეთი ავტომობილი კოლექციონერების სანუკვარი საკბილოა. და ერთ-ერთს მალე ძალიან გაუმართლებს, რადგან ლე მანის მონაწილე ეგზემპლარებიდან ყველაზე ძველს, აპრილში ჰიუსტონის (შტატი ტექსასი) „მეკუმის“ აუქციონზე გამოიტანენ. საწყისი ფასი ჯერ დასახელებული არ არის, მაგრამ მყიდველს ალბათ არაერთი მილიონის გამეტება მოუწევს.
პირველად GT40 პროტოტიპი ნიუ იორკის 1964 წლის ავტო შოუზე წარსდგა. იმავე წელს, შელბიმ რამდენიმე ცვლილება შეიტანა ავტომობილის კონსტრუქციაში და შესაბამისად, პირვანდელმა პროტოტიპმა ორი ვერსია გამოიცვალა. მათგან პირველს უფრო მსუბუქი, ფოლადის სივრცული მზიდი ჩარჩო გაუკეთეს, რომლითაც ის ლე მანის რბოლაში პირველად გაუშვეს.
1965 წელს ავტომობილს უფრო მძლავრი, 4.7-ლიტრიანი V8 ძრავი დაუყენეს. ის დეიტონას 24-საათიან რბოლაში GT/104-ს სახელით წარსდგა და მესამე ადგილი დაიკავა. მაგრამ „ფორდმა“ ლე მანზე ის არ გამოიყენა. მოგვიანებით, ეს ავტომობილი პირველად გაიყიდა და დღემდე პატრონი ბევრჯერ გამოიცვალა. მალე კი ახალ გარაჟში მოუწევს გადაბარგება. აუქციონისთვის გამზადებული GT/104, „ფორდ GT40-ის“ მეოთხე პროტოტიპია. „ფორდმა“ ლე მანზე მონაწილეობა პირველად სწორედ ამ ავტომობილით მიიღო და კომპანიას სარტეზე პირველი კვარცხლბეკიც სწორედ ამ ეგზემპლარმა მოუპოვა.
ამ მიღწევების გარდა, ეს ავტომობილი იმითაცაა გამორჩეული, რომ მის საჭესთან მსხდარან ისეთი სახელოვანი მრბოლები, როგორებიც არიან ამერიკელი ფილ ჰილი (ფ1-ის ჩემპიონი), ახალზელანდიელი ბრიუს მაკლარენი (ფ1-ის მეორე ყველაზე წარმატებულ გუნდ მაკლარენის დამაარსებელი), ამერიკელი ბობ ბონდურანტი, ფრანგი ჟო შლესერი (ფ1-ის ყოფილი პილოტი, რომლის ინიციალებსაც ფ1-ის გუნდ ლიჟიეს მანქანების სახელებად იყენებდნენ) და ბრიტანელი რიჩარდ ეტვუდი (ფ1-ის ყოფილი პილოტი და ლე მანის ერთგზის გამარჯვებული)...

No comments:

Post a Comment