Monday, March 17, 2014

„ფორდ ეკობუსტმა“ სებრინგის 12-საათიანი რბოლა მოიგო

Ford EcoBoost-powered Ganassi Wins 12 Hours of Sebring
17 მარტი
„ფორდის“ წარმოების სერია „ეკობუსტის“ ძრავით აღჭურვილმა „რილი ენდ სკოტის“ სარბოლო პროტოტიპმა, რომელიც ჩიპ განსის გუნდის პილოტები მართავდნენ, სებრინგის 12-საათიანი რბოლა მოიგო. გამარჯვებული ეკიპაჟის საჭეს მორიგეობით მართავდნენ ინდიქარ-ის არაერთი რბოლის გამარჯვებული, ამერიკელი სკოტ პრიუეტი, მექსიკელი მემო როხასი და ბრიტანელი მარინო ფრანკიტი, ვინც ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულის და ინდიქარ-ის სერიის ოთხგზის ჩემპიონის, დარიო ფრანკიტის უმცროსი ძმა და ფ1-ის ყოფილ პილოტ პოლ დი რესტას ბიძაშვილია.
განასის ეკიპაჟმა ლიდერობა მაშინ იგდო ხელთ, როცა რბოლის ფინიშამდე 21 წუთი იყო დარჩენილი. საერთოდ, რბოლის განმავლობაში, ლიდერი 30-ჯერ შეიცვალა და პირველი 11 საათის განმავლობაში, გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია. რბოლის დასრულების პატივი ფრანკიტის ერგო, რომელმაც უახლოეს მდევარს მხოლოდ 4.68 წამით აჯობა.
სებრინგზე მოპოვებული გამარჯვებით, „განასი რეისინგი“ გახდა მოტორსპორტის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელსაც მოგებული აქვს ინდი 500, დეიტონა 500, ბრიკიარდ 400 და დეიტონას 24 საათი.
„წარმოუდგენელია. ეს გამარჯვება ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს კარიერაში. აქ სხვა კლასში გამარჯვება ადრეც მომიპოვებია, მაგრამ აბსოლუტურში არასდროს. მაშინაც და ახლაც „ფორდთან“ ერთად გავიმარჯვე და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. განასის გუნდზე კი რა ვთქვა, რომ სრულად გამოვხატო ჩემი პატივისცემა. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ეს გამარჯვება ამ შრომის საუკეთესო დაფასებაა“, - განაცხადა პრიუეტმა.
აღსანიშნავია, რომ სებრინგის ლეგენდარულ რბოლაში, „ფორდს“ ბოლო გამარჯვება 1969 წელს ჰქონდა მოპოვებული. მაშინ ლეგენდარული „ფორდ GT40-ით“ ფინიშს პირველმა ბელგიელი ჯეკი იქსის (ფ1-ის ყოფილი პილოტი, ლე მანის 24 საათის ექვსგზის გამარჯვებული) და ბრიტანელი ჯეკი ოლივერის (ფ1-ის ყოფილი პილოტი, ლე მანის 24 საათის ერთგზის გამარჯვებული) ეკიპაჟმა მიაღწია, რომელმაც იმავე მანქანით იმავე წელს ლე მანის რბოლაც მოიგო.

No comments:

Post a Comment