Tuesday, February 25, 2014

„ჰიუნდაი პასოკორტო“ - შუაძრავიანი სპორტსმენი IED-სგან

Hyundai PassoCorto Mid-Engine Sports Car Concept by IED
25 თებერვალი
ტურინის დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) სტუდენტებმა, „ჰიუნდაის“ შეკვეთით, „ჰიუნდაისვე“ ევროპული შტოს დიზაინ ცენტრის სპეციალისტთა ზედამხედველობით, კონცეპტუალური შუაძრავიანი, ორადგილიანი სპორტული ავტომობილი დაამზადეს, სახელად „პასოკორტო“, რომელსაც „ჰიუნდაი“ და IED-ი ჟენევის მოტორ შოუზე ერთობლივად გამოფენენ.
ეს „ჰიუნდაის“ და ტურინული ინსტიტუტის მეათე ერთობლივი პროექტია. მათი თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო. პარტნიორები ჟენევურ საავტომობილო რანდევუზე ყოველწლიურად წარადგენენ ხოლმე ერთობლივ სრულმასშტაბიან მოდელებს. ამჯერად სტუდენტთა ჯგუფს „პინინფარინას“ დიზაინერი ლუკა ბორგონიო მეურვეობდა.
თავისი გაბარიტებით, „პასოკორტო“ ახლოს დგას „ჰიუნდაისვე“ პოპულარულ „ველოსტერთან“ და „ალფა რომეოს“ კომპაქტურ სპორტქარ 4C-თან. მისი სიგრძე 4 100 მილიმეტრია, სიგანე 1 880 მილიმეტრი, სიმაღლე 1 160 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 450 მილიმეტრი. კონცეპტუალური ავტომობილი სტატიკურია, ანუ ძრავის გარეშეა. თუმცა, პროექტის მიხედვით, კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ შასიზე აიგება, რისი წყალობითაც, ავტომობილის წონა სულ რაღაც 840 კილოგრამი იქნება.
რაც შეეხება ძრავს, „პასოკორტოს“ მამოძრავებელი ძალით „ჰიუნდაის“ 1.6-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი ოთხცილინდრიანი ძრავი მოამარაგებს, რომლის სიმძლავრეც 270 ცხენის ძალაა. პროექტში მითითებული არაა ტრანსმისია და ავტომობილის სავარაუდო დინამიკური მახასიათებლები.
სამაგიეროდ, სტუდენტებმა საინტერესო გადაწყვეტა მოუძებნეს სალონს. ინტერიერი ისეა გადაწყვეტილი, რომ მას ცენტრალური კონსოლი ორ კოკპიტად ჰყოფს. ის სალონს მთელს სიგრძეზე მიჰყვება და სავარძლების თავის ნაწილებსაც ტიხრად ედება. მაჩვენებლების დაფა ცენტრალური კონსოლის წინა ზედა ნაწილშია მოთავსებული და არა საჭის რგოლის უკან. თუმცა, მძღოლთან კავშირს ის ოპტიკური სისტემით ამყარებს და ამდენად, ისეთივე ეფექტი იქმნება, თითქოს საჭის უკანაა მოთავსებული.
„მინდა, ჩემი პატივისცემა გამოვხატო (ინსტიტუტის) დირექტორ რიკარდო ბალბოს, IED-ის მენეჯმენტისა და განსაკუთრებით სტუდენტების მიმართ, რომელთა კოოპერაციაც ჩვენს დიზაინის ცენტრთან ძალიან შთამაგონებელი და ნაყოფიერია. „პასოკორტო“ განხორციელებული ოცნებაა, რომელმაც პროექტის დასაწყისში არსებული ჩვენი მოლოდინი სრულად გაამართლა. საბოლოო შედეგი ძალიან მაღალი სტანდარტისაა და შემიძლია ვთქვა, რომ „ჰიუნდაის“ ემბლემა, ამ შესანიშნავი სპორტული ავტომობილის კაპოტზე ამაყად ზის“, - განაცხადა „ჰიუნდაი იუროპის“ დიზაინ ცენტრის მთავარმა დიზაინერმა თომას ბიურკლემ.

No comments:

Post a Comment