Sunday, February 23, 2014

ჩვენებურების ფათერაკებიანი რბოლა ამერიკაში

23 თებერვალი
ეს არის ისტორია ქართული ეკიპაჟისა, რომელმაც ოკეანის გაღმა, იქაურ რალის ლომებთან ერთად ასპარეზობა გადაწყვიტა. და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფორტუნის მიერ მოწყობილი რთული გამოცდები წარმატებულად ჩააბარა. ეკიპაჟი მევლუდ მელაძემ და მისმა შტურმანმა ოვანეს კოგოსოვმა შეადგინეს. მათი ბედაური კი ყველასგან მივიწყებული, 1997 წელს გამოშვებული „ფორდ ესპაიერი“ (ესკორტის ამერიკული ვერსია) იყო, რომელიც ახლოსაც ვერ დაუდგებოდა კენ ბლოკის 2012 წლის „ფორდ ფიესტას“ და რალიში ხანგრძლივი ტრავმული ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ტრევის პასტრანას უახლეს „სუბარუ WRX STI-ს“.
ორდღიანი რბოლა, სახელწოდებით „100 აკრიანი ტყის რალი“, რალის ამერიკული ჩემპიონატის მეორე ეტაპი იყო. ქართული ეკიპაჟი მასში პირველად ასპარეზობდა და წინდაწინვე უნდა ითქვას, რომ უამრავი ფათერაკის მიუხედავად, მასპინძლებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. არადა, ჩვენებისთვის პრობლემები რბოლის სტარტამდე დაიწყო.
მელაძე და "ჩვენი" ამერიკელები
ჩვენებმა რბოლის დაწყებამდე ცოტ ხნთ ადრე შეიტყვეს, რომ ევროპული სპეციფიკაციის OMP-ს ჩაფხუტები დაშვებული არ იყო. საჭირო ეკიპირების შესაძენად კი სხვა ქალაქში მოუწიათ გამგზავრება. შემდეგ, თავიანთი ჩაფხუტის საკომუნიკაციო სისტემა ახლებზე გადააყენეს. მთავარია, რომ ყველაფერი სტარტამდე მოასწრეს. მეორე პრობლემა, თუმცა უმნიშვნელო, რომელიც სტარტამდე გამოვლინდა თავი ის იყო, რომ რალი ევროპულისგან განსხვავებული წესებით ტარდებოდა.
ჩვენს ეკიპაჟს სტარტზე ბოლოს უშვებდნენ, რადგან მათ პირველ რბოლაში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდათ. ეს კი უკვე უარყოფითი ჰანდიკაპი იყო, რადგან წინა მანქანების გავლის შემდეგ, გზის საფარი უარესდებოდა და მასზე გავლა ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. ამის მიუხედავად, ჩვენებმა თანდათან წინ წაიწიეს. მთავარი პრობლემები კი რბოლის მეორე დღეს დაიწყო.
მელაძე და კოგოსოვი თავიანთ ტექნიკურ ჯგუფთან ერთად
პირველი პრობლემა, წინა მანქანის მიერ გადმოგდებულმა ლოდმა შექმნა - მელაძეს მანქანა მოუცურდა და უკანა ბორბლით სწორედ ამ ლოდს შეეჯახა. შეჯახებამ ბორბალი და მასთან ერთად მანქანაც, ჰაერში ააგდო. როგორც მელაძემ განაცხადა, ამ დროს, მისი „ფორდის“ სიჩქარე დიდი არ ყოფილა, მაგრამ საკმარისი კი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მანქანა ამოყირავებულიყო. ბედად, ისევ ბორბლებზე დადგა და ჩვენებმაც გზა გააგრძელეს. უფრო მეტიც, ამ სპეცმონაკვეთზე კონკურენტებს აჯობეს კიდეც!..
მაგრამ ინციდენტს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ბორბალმა, რომელიც ლოდს დაეჯახა, დეფორმაცია მიიღო, რამაც ავტომობილის მართვის გაუარესება გამოიწვია. ამის გამო, სერვის ცენტრში დაბრუნებულ ჩვენს ეკიპაჟს, სტიუარდებმა რბოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს. მაგრამ მელაძემ იმდენი შეძლო, რომ გარკვეული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ქართულ ეკიპაჟს რბოლაში დაშვების უფლება აღუთქვეს. აქ კი ჩვენებს ადგილობრივები დაეხმარნენ. ესენი ყოფილან მეხანძრეები, რომლებიც მოხალისედ ემსახურებოდნენ ჩვენს ეკიპაჟს. მათი დახმარებით მოხერხდა მანქანის იმ დონეზე გამართვა, რასაც სტიუარდების მოთხოვნა ითვალისწინებდა და ქართულმა ეკიპაჟმაც რბოლა გააგრძელა.
სტარტამდე მანქანა ასეთი იყო...
მორიგი პრობლემა მაშინ წარმოიქმნა, როდესაც რბოლის მონაწილეებს გზაზე არსებული საკმაოდ ღრმა რუს გავლა მოუწიათ. წყალმა მანქანა სანახევროდ დაფარა. ძრავი ჩაქრა. მელაძემ კარგა ხანს იწვალა დაქოქვაზე და ბოლოს დაიქოქა... როგორც კოგოსოვმა რბოლის შემდგომ თქვა, მათმა ლოცვამ იმოქმედა და ძრავმა მუშაობა განაახლა.
თურმე ესეც არ იყო ბოლო ინციდენტი... მალე ძრავი ისევ ჩაქრა. ჩვენმა გამოცდილმა სპორტსმენებმა უცებ დაადგინეს, რომ ეს გენერატორის ღვედის ბრალი იყო, რომელიც გენერატორს ვეღარ ატრიალებდა, ეს კი ელექტრო ენერგიით ვერ ავსებდა აკუმულატორს. დენის გარეშე კი საწვავის ტუმბო ჩაქრა. ბიჭებმა ღვედის დაჭიმვა შეძლეს, მანქანა დააგორეს და... ძრავი ისევ ამუშავდა! და არც ეს იყო ბოლო პრობლემა.
ამდენ გაწამაწიაში, როგორც ჩანს, ძრავის შეზეთვის სისტემა დაზიანდა და მალე წითელმა შუქმა განგაში ატეხა - ძრავში ზეთი აღარ იყო. ბიჭებმა ეს მილიც აღადგინეს და ბედად მანქანაში შემორჩენილი ზეთიც ჩაასხეს ძრავში, მაგრამ მხოლოდ ნახევარი ლიტრი ჩაასხეს - მეტი აღარ ჰქონდათ. საბედნიეროდ, რბოლის დასაწყისში, ზეთში სპეციალური დანამატი გაურიეს, რაც იმის გარანტიას აძლევდათ, რომ უზეთოდ ძრავი მინიმუმ 50 კილომეტრს გაივლიდა. ასეც მოხდა და ასე გალახული მანქანით, ჩვენმა ეკიპაჟმა ფინიშს მიაღწია, თანც ისე, რომ საჯარიმო ერთი ქულაც კი არ დაუმსახურებიათ. ამით კი აღტაცებული და გაოცებული დარჩენილან ადგილობრივები, რომლებიც ამბობდნენ, ამერიკული რალის ისტორიაში, გადატრიალებული მანქანით ფინშისთვის ადრე არავის მიუღწევიაო...
საბოლოოდ, მელაძე/კოგოსოვის ეკიპაჟმა რბოლა მე-16 ადგილზე დაასრულა, თავის კლასში კი (2WD - ავტომობილები ორი წამყვანი ბორბლით, ტურბინის გარეშე) მეორე ადგილი დაიკავა! რბოლა კი მისტერ „ჯიმხანამ“, კენ ბლოკმა მოიგო, რომელმაც ხუთი წუთით აჯობა მეორეზე გასულ პასტრანას.
მომდევნო ეტაპი - „ორეგონ ტრეილ რალი“, 2-4 მაისს, ორეგონის შტატის მთავარ ქალაქ პორტლენდის შემოგარენში გაიმართება. მაგრამ ჩვენი ეკიპაჟი ამ რბოლას გამოტოვებს და მონაწილეობას მომდევნო რბოლაში მიიღებს, რომელიც შტატ პენსილვანიის ქალაქ ველსბოროს მახლობლად, 30-31 მაისს ჩატარდება.

No comments:

Post a Comment