Wednesday, February 19, 2014

„რეინჯ როვერ ევოუკის“ ორი ახალი ვერსია

Range Rover Adds Two Autobiography Models to Evoque Range
19 თებერვალი
სამი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ „რეინჯ როვერ ევოუკის“ წარმოება დაიწყო და ამ დროში, 157 საერთაშორისო კონკურსი მოიგო და 270 000 ცალის გაყიდვა მოასწრო. ამ მაჩვენებლით, ეს ავტომობილი ბრიტანული კომპანიის ისტორიაში, ყველაზე სწრაფად გაყიდვადია. მაგრამ „ლენდ როვერი“ მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და ამის ნიშნად, ჟენევის მოტორ შოუზე, ამ ავტომობილის ორ ვერსიას წარადგენს.
ეს ვერსიებია „ავტობაიოგრაფი“ და „ავტობაიოგრაფი დაინემიკი“. პირველზე აქცენტი მდიდრულობაზეა გაკეთებული, მეორემ კი ტემპერამენტიანი ლუქს ავტომობილების მოყვარულები უნდა მიიზიდოს. ორივე ავტომობილი ერთიდაიმავე 2.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, ოღონდ ლუქს ვერსიისთვის ძრავი ხელუხლებელი დატოვეს, „დაინემიკის“ აგრეგატს კი მოდიფიკაცია ჩაუტარდა.
ამ მოდიფიკაციის შედეგად, ბენზინზე მომუშავე 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავის სიმძლავრე 240-დან 285 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაქსიმალურმა მაბრუნმა მომენტმა კი 400 ნიუტონმეტრს (60 ნიუტონმეტრი მოემატა) მიაღწია. ორივე ვერსიაზე, ძრავთან წყვილში ZF-ის 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. „ლენდ როვერის“ მიერ გავრცელებულ რელიზში ხაზგასმულია, რომ ეს კოლოფი სტანდარტულზე სწრაფად და ზუსტად ასრულებს მანიპულაციებს.
ორივე ავტომობილი ალუმინის 20-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, სალონი კი მაღალი ხარისხის ტყავში გამოაწყეს. „დაინემიკი“ უფრო სპორტული საკიდარით აღიჭურვა. ამასთან, მისი აქტირუი ტრანსმისია, საჭიროებისამებრ რთავს სრულამძრავიან რეჟიმს და გამორთავს, როდსაც მისი საჭიროება არაა. ამგვარად, უმჯობესდება ავტომობილის ჩაჭიდება, მანევრულობა და მცირდება საწვავის ხარჯი. ავტომობილის სტაბილურ მოძრაობას უზრუნველყოფს მომენტის გამანაწილებელი, რომელიც მაბრუ მომენტს ბორბლებს საჭიროებისამებრ უნაწილებს. წინ ბორბლები 350-მილიმეტრიანი დისკოებით აღიჭურვა.
ვერსია „დაინემიკი“ სამ და ხუთკარიან ძარაზე შესრულდება. გარეგნულად მას რადიატორის ცხაურის განსხვავებული ფორმა, ალუმინის ბორბლები, სპეციალურად მისთვის შერჩეული ფორთოხლისფერი (ფინიქს ორენჯ) ძარა და სხვა მცირე ელემენტები გამოარჩევს. სალონში სავარძლები შეიძლება იყოს ან სპორტული, ან კომფორტზე ორიენტირებული - ეს მყიდველის არჩევანზეა დამოკიდებული.

No comments:

Post a Comment