Saturday, January 18, 2014

„ინფინიტი Q50 ო რუჟი“ მინიმუმ 500 ცხენის ძალით!

Infiniti Details New Q50 Eau Rouge Concept, Says if Produced, Will Have Over 500HP!
18 იანვარი
რადგან სახელში ორი სიტყვა - „ო რუჟი“ (წითელი წყალი) არის დამატებული, ასეც უნდა იყოს! ეს სახელი ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკის - სპა ფრანკორშანის (ბელგია) ლეგენდარულ მოსახვევს ჰქვია. ჰოდა, „ინფინიტის“ შეფი იოჰან დე ნისხენიც გვპირდება, რომ თუ მისი კომპანია ამ ავტომობილს გამოუშვებს, მის ძრავს აუცილებლად 500 ცხენის ძალაზე მეტი სიმძლავრე ექნება!
უკვე საინტერესოა და ჩვენც მის გაცნობას შევუდგეთ: „ინფინიტი Q50 ო რუჟი“ ჯერ კონცეპტუალური ავტომობილია, სერიული ავტომობილის ყველანაირი სიმპტომით, რომლის პრემიერაც დეტროიტის მოტორ შოუზე შედგა. მისი ექსტერიერიც და ინტერიერიც სწორედ სერიული ავტომობილის სტილშია შესრულებული. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ის სერიული სედანის ბაზაზეა შემუშავებული, რომლის წარმოებაც იაპონურმა კომპანიამ შარშან დაიწყო.
ნისხენი ამბობს, რომ „რენო-ნისანის“ ალიანსს საკმაოდ აქვს ძრავები, რომელთა ბაზაზეც შესაძლებელი იქნება 500-ცხენისძალიანი აგრეგატის დამზადება. ამგვარად, ეს ტექნიკურად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მისი თქმით, ძრავის არქიტექტურა V-ტიპის იქნება (ცილინდრების რიცხვი არ დაუზუსტებია, თუმცა ადვილი სავარაუდოა, რომ V6 აგებულებაზეა ლაპარაკი) და მას ჰაერის ჩაბერვის სისტემა (ტურბო ან მექანიკური დამჭირხნი) მოემსახურება.
სანამ ძრავების სპეციალისტებს საქმე გამოუჩნდებათ (სავარაუდოდ, ისინი უკვე მუშაობენ, ნისხენი კი ზუსტ ინფორმაციას ამ ეტაპზე საიდუმლოდ ინახავს), ძარის სპეცებმა თავიანთი საქმე გააკეთეს - ძარა კარბონის კომპოზიტის ნაწარმია, რაც ავტომობილზე „რედ ბულის“ გავლენაზე მიგვანიშნებს. შეგახსენებთ, რომ „ინფინიტი“ ფ1-ის ავსტრიული საჯინიბოს ტიტულივანი სპონსორია და პარტნიორებს შორის ურთიერთობა, ტექნიკურ ასპექტებში თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.
მოკლედ, „Q50 ო რუჟის“ შექმნაში „რედ ბულის“ სპეციალისტებმაც მიიღეს მონაწილეობა და სავარაუდოდ, ტექნოლოგიების გაზიარება ძრავების სრულყოფის მხრივაც მოხდება. ოღონდ, ამ საქმეში უკვე „რენოს“ სპეციალისტებიც ჩაერთვებიან, რომლებიც „რედ ბულს“ ძრავებს უმზადებენ. ამასთან, ფ1-ის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გუნდის სპეციალისტებმა „Q50 ო რუჟისთვის“ აეროდინამიკური პაკეტის შემუშავებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

No comments:

Post a Comment