Wednesday, January 8, 2014

„ბენტლის“ შარშან რეკორდული გაყიდვები ჰქონდა

Bentley Posts Record 2013 Sales, Leads Luxury Segment
8 იანვარი
„ბენტლიმ“ თავისი შარშანდელი გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 10 120 ავტომობილია გაყიდული, ეს კი კომპანიის არსებობის 95 წლის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, ერთი წლით ადრე, ბრიტანულმა კომპანიამ 8 510 ავტომობილი გაჰყიდა, რაც ასევე რეკორდი იყო. ამგვარად, „ბენტლის“ წილი ლუქს სეგმენტში სამი პროცენტით, 25 პროცენტამდე გაიზარდა, რაც მას ამ სეგმენტის (რომელიც გლობალური მასშტაბით 6 პროცენტით შემცირდა) უპირობო ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს. არადა, კომპანიის საწარმოო პროგრამაში მხოლოდ სამი ძირითადი მოდელი შედის.
„ბენტლი“ არ აკონკრეტებს, ამ სამი მოდელიდან რომელი რა რაოდენობით გაჰყიდა. თუმცა ბევრი ბჭობა არაა საჭირო იმისათვის, რომ კომპანიის ბესტ სელერის სახელი გამოვიცნოთ: რა თქმა უნდა, ეს „კონტინენტალ ფლაინგ სპერია“, „ბენტლის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი (ახლა უკვე იმის თქმაც შეიძლება, რომ უბერებელიც, რადგან უკვე შვიდი წელია, რაც ბაზარზეა და ეს ასაკი მის გაყიდვებს საერთოდ არ ეტყობა) ავტომობილი. ოღონდ, შარშან ამ ავტომობილს სახელი შეუკვეცეს და ამიერიდან მას მხოლოდ „ფლაინგ სპერი“ (მფრინავი დეზი, ფოტოზე) ჰქვია.
„ბენტლის“ მთავარ ბაზრად ისევ ამერიკის კონტინენტები რჩება, რომელზეც ბრიტანული კომპანიის შარშანდელი გაყიდვების 31 პროცენტი მოდის. ამასთან, ამ რეგიონში კომპანიის გაყიდვები 28 პროცენტით, 3 140 ავტომობილამდე არის გაზრდილი. რა თქმა უნდა, გაყიდვები მაღალი ტემპით ჩინეთშიც იზრდება. აქ ზრდის მაჩვენებელი 28 პროცენტია, საერთო გაყიდვების წილი კი ამერიკის მსგავსი - 31 პროცენტი. შესაბამისად, ცისქვეშეთშიც 3 140 ცალი „ბენტლია“ გაყიდული.
გაყიდვები ევროპაშიც იზრდება. ოღონდ, შედარებით დაბალი ტემპით - 11 პროცენტით. ძველ კონტინენტზე უმუშევრობა კვლავ რეკორდულ მაჩვენებლებზეა, მაგრამ „ბენტლის“ ავტომობილებს ხომ დამქირავებლები ყიდულობენ და არა დაქირავებულები. დამქირავებლებს კი კრიზისი ნაკლებად ეხებათ ხოლმე. მოკლედ, ევროპაში 1 480 ავტომობილია გაყიდული. თითქმის ამდენივე - 1 381 ავტომობილი გაიყიდა ბრიტანეთში, სადაც გაყიდვები 25 პროცენტით არის გაზრდილი.
ახლო საღმოსავლეთის რეგიონში, გაყიდვები 45 პროცენტით, 1 185 ავტომობილამდე გაიზარდა. თანაც, იქ ყველაზე მეტად, ფლაგმან „მულსანს“ ყიდულობენ.რაც შეეხება აზია წყნარი ოკეანის რეგიონს, იქ გაყიდვები 26 პროცენტით, 452 ერთეულამდე გაიზარდა და ყველაზე პოპულარული მოდელია „კონტინენტალ GT“. ყველაზე ცოტა, 291 ავტომობილი ბრიტანულმა კომპანიამ იაპონიაში გაჰყიდა, თუმცა იქ ზრდამ 153 პროცენტი შეადგინა.

No comments:

Post a Comment