Friday, January 24, 2014

„ლენდ როვერმა“ სიცივის პოლუსი დაიპყრო

Land Rover drives Defender to the Pole of Cold
24 იანვარი
„ლენდ როვერი“ აგრძელებს ურთულეს პირობებში მოგზაურობათა და ასპარეზობათა ციკლს. მისი ჰიბრიდული ავტომობილების ქარავანმა წარმატებით განვლო აბრეშუმის გზა, „რეინჯ როვერ სპორტმა“ კი ჯერ პაიკს პიკი (აშშ) რეკორდული დროით დალაშქრა, შემდეგ კი საუდის არაბეთში მდებარე ქვიშის უდაბნო (მსოფლიოში უდიდესი ქვიშის უდაბნო) ალ-ჰალი (არაბულად ცარიელი მეოთხედი) ასევე რეკორდულ დროში გადაკვეთა. ამჯერად კი „ხმელეთზე მოხეტიალეთა“ ეკიპაჟმა, რომელიც ლეგენდარულ „დიფენდერზე“ (ავტომობილს მათ ექსპედიციის თილისმა შეარქვეს) იყო ამხედრებული, ჩვენი პლანეტის სიცივის პოლუსზეც იმოგზაურა.
სიცივის პოლუსი არც სამხრეთ პოლუსზეა და არც მითუმეტეს ჩრდილოეთზე, სადაც ყინული უკვე აღარცაა მუდმივი. თუმცა, სიცივის პოლუსი მაინც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, კერძოდ კი იაკუტიაში (ციმბირი) მდებარეობს, ქალაქ ოიმიაკონთან. იქ იანვარში საშუალო ტემპერატურა -50 გრადუსია და ზოგჯერ -68 გრადუსამდეც ეცემა. რეკორდული ყინვა კი - მინუს 71.2 გრადუსი, 1926 წელს დაფიქსირებულა...
მოკლედ, ამ ღმერთისგანაც მივიწყებულ ადგილას, სადაც გადაადგილების მთავარი საშუალება ირმებშებმული მარხილია, „ლენდ როვერ დიფენდერმა“ ექსპედიცია მოაწყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ყველგანმავალია და არა უბრალოდ უგზოობის ავტომობილი, როგორებსაც ახლა ლამის ყველა აწარმოებს.
ექსპედიცია „ლენდ როვერის“, გეოგრაფიის სამეფო საზოგადოებისა და ბრიტანეთის გეოგრაფთა ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მხოლოდ ერთი ეკიპაჟი მონაწილეობდა, რომელშიც სამი ადამიანი - გამოცდილი მოგზაური ფელისიტი ასტონი (ქალი, ექსპედიციის ლიდერი), ძალიან გამოცდილი მექანიკოსი, ცივი ამინდების ინჟინერი და ყინულზე მართვის მრჩეველი გისლი ჯონსონი და ფოტოგრაფი და რეჟისორი მანიუ პალომეკი შედიოდა. მოგზაურობა ევროპის უკიდურეს ჩრდილოეთში, კონცხ ნორდკაპზე (ნორვეგია) დაიწყო და ჩრდილოეთის სარტყელის გასწვრივ, სკანდინავიის გავლით, ტრანს-ციმბირული მაგისტრალით, ოიმიაკონში დასრულდა. სულ ეკიპაჟმა დაახლოებით 20 000 კილომეტრი გაიარა.
მოგზაურებმა შობის დღესასწაული სამჯერ იზეიმეს, გზად, ერთ-ერთ ადგილობრივ ტომ სკოლტ სამის მაცხოვრებლებთან ერთად, მარხილითაც ისეირნეს, გადალახეს არაერთი გაყინული მდინარე, მათ შორის, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე ლენა და უამრავი ურთულესი დაბრკოლება. ბედად, კარგად იმუშავა გათბობის სისტემამ, რომელიც ძრავის მუშაობაზე არ იყო დამოკიდებული. ის ერთხელაც არ გაფუჭებულა. სპეციალურად მომზადებულმა და ეკიპირებულმა „დიფენდერმაც“ უნაკლოდ იმუშავა. და ახლა, როცა მიზანი უკვე მიღწეულია, ეკიპაჟი ისევ „ლენდ როვერით“ ბრუნდბა უკან. ოღონდ, ამჯერად სამხრეთ ციმბირის, ყაზახეთის და სამხრეთ სკანდინავიის გავლით, ბოლო გაჩერება კი ინგლისში ექნება. სულ უკან გზაზე დაახლოებით 16 000 კილომეტრი იქნება გასავლელი.

No comments:

Post a Comment