Saturday, January 18, 2014

ოჟიემ სეზონი მონტე კარლოში გამარჯვებით დაიწყო

Monte Carlo WRC: Sebastien Ogier clinches victory for Volkswagen
18 იანვარი
მონტე კარლოს რალიზე სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დაიწყო რალის მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი. მძიმე კლიმატურ პირობებში ჩატარებული რბოლის დასაწყისში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მეცხრე ადგილზე იყო და ლიდერს წუთით და 20 წამით ჩამორჩებოდა, თუმცა რბოლის მეორე დღის ნახევრის შემდეგ, ის უკვე გამარჯვებისთვის მოპაექრეთა შორის იყო.
შემდეგ კი, თავსხმა წვიმის და ალაგ-ალაგ ძლიერი თოვის მიუხედავად, ოჟიემ ლიდერობა იგდო ხელთ და „ფოლკსვაგენს“ მონტე კარლოში პირველი გამარჯვება მოაპოვებინა, თავად კი 2009 წლის მიღწევა გაიმეორა, ოღონდ მაშინ რბოლა მსოფლიო ჩემპიონატის ნაცვლად, სერია ინტერკონტინენტალ რალი ჩელინჯის კალენდარში შედიოდა.
აღსანიშნავია, რომ რბოლა ბრწყინვალედ დაიწყო რალის მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტმა რობერტ კუბიცამ, ვინც პირველი ორი სპეცმონაკვეთი მოიგო, მაგრამ შემდეგ მონკვეთზე, სადაც თოვდა და გზა მოყინული იყო, საბურავები არასწორად შეარჩია, ამის გამო ბევრი დრო დაკარგა და მეოთხეზე გადაინაცვლა. და მაინც, პოლონელი პილოტი კარგა ხანს კვარცხლბეკზე ასვლისთვის იბრძოდა, თუმცა რბოლის მეორე დღეს ავარია მოუვიდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ამის შემდეგ, ლიდერობა კუბიცას ფრანგმა თანაგუნდელმა ბრაიან ბუფიემ (ორივე M-სპორტის ფორდ ფიესტათი ასპარეზობს) გადაიბარა, მაგრამ მოგვიანებით მანაც შეცდომა დაუშვა და ოჟიეს დაწინაურების საშუალება მისცა. ამის შემდეგ, ბუფიეს აღარ გაურისკავს და ესეც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ მეორე ადგილი დაეკავებინა.
მესამე და მეოთხე ადგილები, „სიტროენის“ ახალწვეულებმა - ბრიტანელმა კრის მიკმა და ნორვეგიელმა მადს ოსტბერგმა დაიკავეს. ძალიან ცუდად დაიწყო ასპარეზბა იარი-მატი ლატვალამ, ვინც პირველი სპეცმონაკვეთის შემდეგ მე-19 ადგილზე იყო, მაგრამ შემდეგ ფინელმა აიწყვიტა, რამდენიმე მონაკვეთი მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომებს ისიც უშვებდა, საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ურიგო სტარი არ აუღია „ჰიუნდაის“ გუნდს. მართალია, პირველივე დღეს ბელგიელი ტიერი ნოივილი რბოლას ავარიის გამო გამოეთიშა, მაგრამ მისი ესპანელი თანაგუნდელი დანი სორდო კარგა ხანს მესამე იყო. თუმცა, პირველივე დღის ბოლოს მის მანქანაზე მწყობრიდან აკუმულატორი გამოვიდა და ისიც ასპარეზობას გამოეთიშა.

No comments:

Post a Comment