Friday, January 3, 2014

ლე მანი ბატონის გეგმებში არ შედის

Le Mans not on Button's post-F1 racing radar
3 იანვარი
ჯენსონ ბატონი ამბობს, რომ ფორმულა ერთიდან წასვლის შემდეგ, ლე მანის რბოლაში მონაწილეობას არ გეგმავს. 33 წლის ბრიტანელის კონტრაქტი „მაკლარენთან“ მომავალი სეზონის ბოლოს იწურება და ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებს ის ამის შემდეგ. თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ლე მანზე არ გამოვა.
„ლე მანი არასდროს მიზიდავდა. იქ ხომ სხვადასხვა კატეგორიების გაცილებით ნელ მანქანებთან ერთად გიწევს ასპარეზობა, რაც არასდროს მიზიდავდა. რა თქმა უნდა, მაინტერესებს ლე მანის ტრეკზე სპორტული პროტოტიპით გავლა, მაგრამ მთავარი, რაც მე ამ რბოლაში არ მომწონს ისაა, რომ იქ სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილებით ასპარეზობენ“, - ამბობს მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი.
ამასთან, ბატონი ხაზს უსვამს, რომ ჯერ არ ფიქრობს ფ1-ში საკუთარი კატეგორიის დასრულებაზე. მაგრამ დარწმუნებულია, რომ როცა წავა, ისეთ სპორტს მოძებნის, რომელში ასპარეზობაც სიამოვნებას მიანიჭებს:
„მე ჯერაც მიზიდავს შეჯიბრი. მომავალში, როცა მოტორ სპორტს თავს დავანებებ, ახალ მიზანს დავისახავ, ისეთს, როგორიც ბევრ ადამიანს არ აქვს. ჩემი აზრით, ეს პრობლემაა ბევრი იმ სპორტსმენისთვის, ვინც კარიერას ასრულებს. თითქმის ყოველთვის, ერთ წელიწადში ნოსტალგია იწყება. მაგრამ სანამ დარწმუნებული ხარ, რომ სპორტი სიამოვნებას განიჭებს, წასვლაზე არ ფიქრობ. ამ ეტაპზე მე სწორედ ასე ვარ - კარიერის დასრულებისთვის მიზეზი არ მაქვს. იმ სიტუაციაშიც კი, როცა „მაკლარენს“ მოწინავეთა შორის ყოფნა უჭირს, რბოლები დიდ სიამოვნებას მანიჭებს“.
შეგახსენებთ, რომ ფ1-დან სწორედ ლე მანსა და გამძლეობაზე რბოლებში გადავიდა „რედ ბულის“ აწ უკვე ყოფილი პილოტი მარკ ვებერი, ვინც ლეგენდარულ 24-საათიან რბოლაში „პორშეს“ სპორტული პროტოტიპით იასპარეზებს.
საინტერესოა, რომ ლე მანის რბოლა ფ1-ის მხოლოდ ოთხ ჩემპიონს აქვს მოგებული. ესენი არიან ბრიტანელი მაიკ ჰოტორნი (1955 წელს), ამერიკელი ფილ ჰილი (1958, '61, '62 წლებში), ავსტრიელი იოხენ რინდტი (1965 წელს) და ბრიტანელი გრემ ჰილი (1972 წელს).

No comments:

Post a Comment