Friday, January 3, 2014

„ფორდი“ ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი ბრენდია

Ford Expects to Be the Best-Selling Brand in the U.S. in 2013 for the 4th Straight Year
3 იანვარი
გასული წლის პირველი 11 თვის მონაცემებით, ამერიკულ ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი ბრენდის საპატიო სტატუსს „ფორდი“, რომლის ემბლემითაც შარშანაც ყველაზე მეტი ავტომობილი გაიყიდა. კომპანიის მარკეტოლოგთა გათვლებით, გასული წლის გაყიდვები 2.4 მილიონს მიაღწევს. ეს კი ნიშნავს, რომ ცისფერი ოვალი ამერიკის ბაზარზე ლიდერობას ზედიზედ მეოთხე წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.
უფრო მეტიც, კიდევ უფრო გაიზრდება უპირატესობა მეორე შედეგის მქონე „ტოიოტასთან“. თუ 2012 წელს მათს გაყიდვებს შორის სხვაობა 329 677 ავტომობილი იყო, გასული წლის პირველ 11 თვეში სხვაობამ 396 041 ავტომობილს მიაღწია. და სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ „ფორდის“ საცალო გაყიდვები 15 პროცენტით არის გაზრდილი. შედარებისთვის, ცისფერი ოვალის გაყიდვების მთლიანმა ზრდამ 12 პროცენტს მიაღწია. სულ საცალო ქსელში 1.7 „ფორდია“ გაყიდული, რაც ბოლო ექვსი წლის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, სედანების და ჰეჩბეკების გაყიდვებმა 600 000-ს მიაღწია, რაც ამ ათასწლეულში საუკეთესო შედეგია.
საცალო გაყიდვები ყველაზე მეტად ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებშია გაზრდილი, სადაც როგორც წესი, ყველაზე მეტად იმპორტირებული ავტომობილები იყიდება ხოლმე. კერძოდ, დასავლეთ რეგიონში საცალო გაყიდვები 23 პროცენტით არის გაზრდილი, სამხრეთ-აღმოსავლეთში კი - 18 პროცენტით.
ცალკეულ მოდელებს შორის, ყველაზე მაღალი ტემპით საშუალო ზომის სედან „ფიუჟნის“ გაყიდვებია გაზრდილი. 290 000 გაყიდული ავტომობილით, ამ მოდელს თავისი არსებობის განმავლობაში, საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. გაყიდვების საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა პატარა „ფიესტამაც“, რომელიც 70 000 ცალია გაყიდული.
„ფორდის“ უგზოობის ავტომობილების გაყიდვების 10.3 პროცენტით არის გაზრდილი და 621 652 ერთეულს მიაღწია. ყველაზე პოპულარული კი მათ შორის „ისკეიპია“, რომელიც 300 000-ზე მეტია გაყიდული. ეს ავტომობილი ბაზარზე 1999 წლიდანაა და ეს მისი საუკეთესო მაჩვენებელია. 15 პროცენტით გაიზარდა „ექსპლორერის“ გაყიდვები, რომელსაც შანსი აქვს, საშუალო ზომის უგზოობის ავტომობილების ბესტ სელერი გახდეს.
და რა თქმა უნდა, ცისფერი ოვალის გამაში ყველაზე მეტი პოპულარობით, პიკაპები სარგებლობს - F-სერიის უკვე 688 810 პიკაპია გაყიდული და ამ მაჩვენებლით, ეს ამერიკის ბაზრის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. სხვათა შორის, აშშ-ის ბაზრის ლიდერობას ის უკვე 37 წელია, ინარჩუნებს.

No comments:

Post a Comment