Friday, January 17, 2014

„პირელიმ“ ფ1-თან კონტრაქტი გააგრძელა

Motor racing-Pirelli renews F1 supply contract
17 იანვარი
საბურავების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „პირელიმ“ ფორმულა ერთთან კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა. ამგვარად, საბურავების არასაიმედობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) არჩევანი ისევ „პირელიზე“ შეაჩერა, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც. ამასთან ითქვა, რომ ეს იქნება გარდამავალი პერიოდი, რის შემდეგაც, საბურავების მიმწოდებლის შესარჩევად, ახალი ტენდერი გამოცხადდება.
ახალი წესებით, სეზონის წინ ტესტების 12 დღიდან ერთი საბურავების გამოცდებს მიეძღვნება. ეს მოთხოვნა, გუნდებთან ერთად, „პირელისაც“ ჰქონდა. გარდა ამისა, სეზონის მსვლელობისას, ტესტების რვა დღიდან ყოველ დღე, მინიმუმ ერთ და მაქსიმუმ ორ გუნდს, საბურავების ტესტების უფლება ექნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ არავინ იცის, როგორ მუშაობს წვიმის საბურავები, რომელთა გამოცდის საშუალება ჯერ „პირელის“ არ მისცემია. არადა, მალაიზიაში, სადაც მეორე ეტაპია დანიშნული, ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.
გასულ სეზონში, „პირელიმ“ არაერთხელ დაიჩივლა, რომ საბურავების გამოცდების გარეშე, გამძლე პროდუქციის მიწოდება შეუძლებელია და მომხდარი ინციდენტებიც ამის შედეგია. უფრო მეტიც, კომპანია მზად იყო, ფ1-თან კონტრაქტი აღარ გაეგრძელებინა, თუ ტესტების საკითხი დადებითად არ გადაიჭრებოდა.
გასულ სეზონში „პირელის“ საბურავები სწრაფი ცვეთით გამოირჩეოდა, რამაც ბევრ გუნდს შეუქმნა პრობლემები. ახალ სეზონში ახალი ტექნიკური რეგლამენტი იწყებს მოქმედებას, რომლის შესაბამისადაც, გუნდები V6 ტურბო ძრავების გამოყენებაზე გადავლენ. უკვე ცნობილია, რომ ეს ძრავები ძალიან მაღალი მაბრუნი მომენტით გამოირჩევა, რაც მოსახვევიდან გამოსვლისას, საბურავების მოსრიალებას გაახშირებს, რაც მათს ინტენსიურ ცვეთას გამოიწვევს. ამიტომ, აუცილებელი იქნება უფრო გამძლე საბურავების დამზადება.

No comments:

Post a Comment