Saturday, December 28, 2013

„ფორდი“ სრულიად ახალ F-150-ს დეტროიტში გვიჩვენებს

All-New 2015 Ford F-150 Poised for Detroit Show Debut
28 დეკემბერი
დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუზე, რომელიც იანვარში გაიმართება, „ფორდი“ თავისი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, F150-ის მე-13 თაობას წარადგენს. ბლუმბერგის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილის მთავარი სიახლე, მისი ალუმინის მზიდი ჩარჩოა.
ცისფერი ოვალი ამბობს, რომ ალუმინის დეტალების დასამზადებლად, ალუმინის მწარმოებელი გიგანტი „ალკოა“ მიიწვია, რომელიც სამხედრო მანქანებისთვის, ამ მსუბუქი მეტალისგან, დამცავ ელემენტებს ამზადებს. ეს კი უფრო სარეკლამო სვლა იყო, რადგან ამგვარად, „ფორდმა“ პიკაპების მყიდველებს აუწყა, რომ სიმსუბუქის მიუხედავად, ალუმინისგან დამცავი საშუალებებიც კი მზადდება და ამგვარად, ის პიკაპისთვისაც მისაღები მასალაა. ალუმინის წყალობით, წინა თაობის მოდელთან შედარებით, ახალმა წონაში 340 კილოგრამი დაიკლო.
წონაში კლებას მთავარი სიკეთე მოაქვს - საწვავის მოხმარების შემცირება. ამას კი ამერიკაში მალე დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, რადგან 2025 წელს კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილების საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე მხოლოდ 4.3 ლიტრი უნდა იყოს. ახალი F-150 ას კილომეტრის გასავლელად 7.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს. წინა მოდელის მაჩვენებელი 10.2 ლიტრია.
ალუმინის გარდა, საწვავის ეკონომიურობა უახლესი, 2.7-ლიტრიანი ეკობუსტის დამსახურებაცაა. ის ძრავების ახალი ოჯახის წარმომადგენელია, რომელსაც „ფორდში“ „ნანო“ უწოდეს. ძრავს ასევე უახლესი, 10-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია შეუწყვილდება, რომელიც „ფორდმა“ „ჯენერალ მოტორსთან“ ერთად შეიმუშავა.
ალუმინის ინტენსიურმა გამოყენებამ, პიკაპების მწარმოებელი ქარხნების გადაიარაღებაც მოითხოვა, რასაც დაახლოებით ექვსი კვირა დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში შეიცვლება კონვეიერზე მომუშავე რობოტები და დამხმარე მანქანა-დანადგარები.
„ფორდს“ პირველი საჩვენბელი პიკაპები, რომლებსაც დეტროიტის შოუზე წარადგენს, უკვე დამზადებული აქვს. მათს გაყიდვებს კი 2014 წლის მეორე ნხევარში დაიწყებს.

No comments:

Post a Comment