Friday, December 13, 2013

სუტილი „ზაუბერში“ გადავიდა

Motor racing-Sutil swaps Sauber seats with Hulkenberg
13 დეკემბერი
გერმანელი ადრიან სუტილი მომავალ სეზონში „ზაუბერის“ ავტომობილით იასპარეზებს. შვეიცარიულ გუნდში ის თანამემამულე ნიკო ჰულკენბერგის ადგილს დაიკავებს, რომელიც „ფორს ინდიაში“ სწორედ სუტილის ნაცვლად მიიღეს. ეს ინფორმაცია ერთ დღეში გავრცელდა მას შემდეგ, რაც ინდურმა გუნდმა მექსიკელ სერხიო პერესს გაუფორმა კონტრაქტი.
„ძალიან მიხარია, რომ საერთო ინტერესი გამოვნახეთ. „ფორს ინდიაში“ ექვსი სეზონი გავატარე და ახალი გამოწვევის დროა. ყველაფერს ვეცდები იმისათვის, რომ მეც და „ზაუბერსაც“ უკეთესი მომავალი გვქონდეს“, - 30 წლის სუტილმა, ვისაც კონტრაქტის მოცულობა და ვადა არ დაუზუსტებია.
„ზაუბერის“ შეფმა მონიშა კალტენბორნმა განაცხადა, რომ მისი გუნდი დიდი ხანია, სუტილის გადაბირებას ცდილობდა და როგორც იქნა, საწადელს მიაღწია: „ძალიან გვიხარია, რომ ადრიანთან კონტრაქტის დადება შევძელით. დიდი ხანია, ამის სურვილი გვქონდაადრიანი არამხოლოდ სწრაფი, არამედ გამოცდილი პილოტიცაა, რასაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა სუტილი ფ1-ში გუნდს იცვლის. „ფორს ინდიამდე“ ის ჯერ „მიდლენდში“ ასპარეზობდა, შემდეგ კი „სპაიკერში“, ოღონდ სამივე გუნდ ფაქტობრივად ერთიდაიგივეა, რადგან ჯერ „მიდლენდი“ გახდა „სპაიკერი“, შემდეგ კი ეს უკანასკნელი „ფორს ინდიად“ გადაკეთდა.
სუტილს ფ1-ის 109 რბოლაში მიუღია მონაწილეობა და მისი საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილია, რომელიც მონცაზე, 2009 წელს დაიკავა. იმავე რბოლის კვალიფიკაციაზეც მან მეოთხე დრო დააფიქსირა, რაც საუკეთესო საკვალიფიკაციო შედეგია. გასულ სეზონში მან 29 ქულა მოაგროვა, რაც მხოლოდ მე-13 ადგილის დასაკავებლად ეყო.
„ზაუბერს“ ჯერ მეორე პილოტი არ ჰყავს და არაა გამორიცხული, რომ ამ ვაკანსიაზეც „ფორს ინდიას“ კიდევ ერთი აწ უკვე ყოფილი პილოტი, ბრიტანელი პოლ დი რესტა მიიწვიოს.

No comments:

Post a Comment