Sunday, December 1, 2013

კონცეპტუალური „ფორდ კა“ წარმოებისთვის ემზადება

Ford Shows Stylish 2015 Ka Concept in Brazil
1 დეკემბერი
ამ პატარა ავტომობილის საგზაო ტესტები კარგა ხანს გერმანიაში მიმდინარეობდა, მისი წინასერიული კონცეპტუალური ვერსიია პრემიერა კი ახლახანს, ბრაზილიაში შედგა. ამ ავტომობილის სახელმა ალბათ ძველი „კა“ გაგახსენათ, რომელიც თავისი უცნაური ფორმით და ორკარიანი ჰეჩბეკის ძარით გამოირჩეოდა. რაც მთავარია, თავისი მცირე გაბარიტების წყალობით, ვიწრო ქუჩებში კარგი მანევრირებაც ახასიათებდა.
მაგრამ ახალი „კა“ უფრო სუბკომპაქტური „ფიესტას“ მომცრო ვარიანტს მოგაგონებთ და შესაბამისად, არც უჩვეულო გარეგნობა აქვს. თუ პირველი „კა“ ცისფერი ოვალის ერთგვარი (პატარა) საიმიჯო ავტომობილი იყო, ახალი „კას“ დანიშნულება, განვითარებად ბაზრებზე „ფორდსთვის“ პოზიციების განმტკიცებაა. თუმცა, არამხოლოდ განვითარებად ბაზრებზე - მას ევროპაშიც შეიტანენ.
კონცეპტუალურ „კას“ კოხტა თხევადკრისტალური ფარები და „ასტონ მარტინის“ სტილის რადიატორი აქვს. მისი გაბარიტების შესახებ ჯერჯერობით ცისფერი ოვალი სდუმს, თუმცა აშკარაა, რომ ის „ფიესტაზე“ გაცილებით პატარაა. იმდენად პატარა, რომ მოზრდილი მგზავრისთვის მის უკანა სავარძლებზე დაჯდომაც კი პრობლემა იქნება. სხვათა შორის, ავტომობილის სტილის შემუშავებაში ამერიკული კომპანიის ბრაზილიური შტო მონაწილეობდა, რომლის სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ კოხტა ჰეჩბეკი შექმნეს. რამდენადაც კონცეპუალური „კას“ შუშები ჩაბნელებულია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინტერიერი ჯერ საჩვენებლად მზად არაა.
„ფორდ კა“ პირველად სამხრეთ ამერიკის ქვეყნების (ბრაზილია, არგენტინა) ბაზრებზე გამოჩნდება. სავარაუდოდ, ეს ივნისში მოხდება. პრემიერის მომენტში, მის მყიდველს ორ ძრავს შესთავაზებენ. ერთია უკვე სახელგანთქმული და ძლიან პოპულარული, 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ეკობუსტი, მეორე კი - 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი, რომელიც ბენზინის გარდა, ეთანოლზეც იმუშავებს.
ახალი „ფორდ კა“ კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილებს, როგორებიცაა: „შევროლე ონიქსი“, „ჰიუნდაი HB20“, „ფიატ პალიო“, „ფოლკსვაგენ გოლი“, „ნისან მიკრა“ და „ტოიოტა ეტიოსი“.

No comments:

Post a Comment