Saturday, December 21, 2013

ლეგოს ავტომობილი, რომელიც აირით მოძრაობს

Air-powered Lego car hits the street
21 დეკემბერი
1950-იანი წლებიდან „ლეგო“ მილიონობით ბავშვის და არამარტო ბავშვის საყვარელი გასართობია. ამ სათამაშოთი პატარები პირველად ეზიარებიან მშენებლის და ინჟინრის საქმეს და ეს მათ შესაბამისი აზროვნებს საწყის დონეს უვითარებს. მაგრამ ბევრისთვის ლეგო ცხოვრების წესია. და როგორც აღმოჩნდა, ამ სათამაშოთი რეალური ავტომობილის აწყობაც კი შესაძლებელია.
ყოველ შემთხვევაში, 20 წლის რუმინელმა რაულ ოაიდამ ეს შეძლო. „ლეგოს“ 500 000 ნაწილისგან მან ნამდვილი როდსტერი შექმნა, რომელსაც გზაზე მოძრაობაც კი შეუძია. მამოძრავებელ ძალას კი ამ უცნაურ ქმნილებას, არანაკლებ უცნაური აგრეგატი ანიჭებს, რომელიც ასევე „ლეგოს“ ნაჭრებისგანაა აწყობილი და შეკუმშულ აირზე მუშაობს.
მართალია, ავტომობილს გარკვეული ნაწილები „ლეგოსი“ არ აქვს - ბორბლებს და ღერძებს, ასევე შეკუმშული აირის ბალონს პლასტიკატისგან ვერ გააკეთებ, მაგრამ შასის უმეტესი ნაწილი და ძარა „ლეგოს“ ნაჭრებისგან აეწყო. ნამდვილი შედევრია ძრავი, რომელიც ოთხი ორბიტული ნაწილისგან შედგება, თითოეულში კი 256 ცალი ცილინდრი, ანუ „ლეგოს“ 64 ძრავის ბლოკია გაერთიანებული.
სხვათა შორის ოაიდა ამ ძრავის აგებულებაზე არაფერს გვიმხელს - ეს მისი საიდუმლოა, რომელსაც როგორც ჩანს, სხვა გამოყენებასაც უპირებს. უცნობია ამ ძრავის სიმძლავრე, მომენტი და სხვა მონაცემებიც. კონსტრუქციის არგამხელა მას მელბურნელმა პარტნიორმა სტივ სამარტინომ ურჩია, ვინც ცდილობს, რომ თავის რუმინელ მეგობარს დაფინანსების წყარო უშოვნოს, რათა მან თავისი შედევრის წარმოება შეძლოს.
ავტომობილმა უკვე შეასრულა სატესტო გარბენი, რომლის დროსაც მისმა სიჩქარემ 30 კმ/სთ-ს მიაღწია. ოღონდ, ოაიდამ და სამარტინომ განმარტეს, რომ სიჩქარე შეზღუდეს, რათა „ლეგოს“ სუსტი ცილინდრები არ დაზიანებულიყო. მათი თქმით, გაცილებით გამძლე და მძლავრი აგრეგატის შექმნა შეუძლიათ. ოღონდ ამას იმ შემთხვევაში გააკეთებენ, თუ სერიულ წარმოებას მიაღწევენ.
სხვათა შორის, სამარტინომ პროექტისთვის უკვე მოიზიდა ორმოცამდე ინვესტორი, რომელთა დახმარებითაც, ის და ოაიდა გაცილებით დიდი და შთამბეჭდავი პროექტების განხორციელებას აპირებენ. კონკრეტულად რას, ამაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.

No comments:

Post a Comment