Saturday, December 21, 2013

„ურაკანი“ – „ლამბორგინის“ ახალი ბესტ სელერი

Lamborghini Huracán with 602HP V10 Does 0-100 KM/H in 3.2 Seconds, 325 KM/H
21 დეკემბერი
„ლამბორგინი გალარდოს“ შემცვლელის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია და ფოტოები, ბოლო ხანს მუდმივად ქვეყნდებოდა ინტერნტით და აი, იტალიურმა კომპანიამ ის ოფიციალურად გაგვაცნო და ისიც გვაუწყა, რომ „ურაკანის“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. ჟენევამდე „ლამბორგინი“ თავის მომავალ ბესტ სელერს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქალაქში, 130-ზე მეტ კერძო ჩვენებაზე წარადგენს.
სახელი „ურაკანი“ კი „ლამბოს“ ტრადიციის გაგრძელებაა - ასე მე-19 საუკუნეში ესპანეთის კონტე დე ლა პატილას ხარსაშენის საბრძოლო ხარებს მოიხსენიებდნენ. ახალ ავტომობილს გარეგნულად ეტყობა, რომ „გალარდოს“ შემცვლელია - მასავით წახნაგოვანი ფორმები აქვს და რაღაცით „ავენტადორსაც“ მოგაგონებთ. საერთო ჯამში კი „ურაკანი“ (ეს სახელი მაიას ტომისგანაა აღებული და მიწის, ქარის და ცეცხლის ქალღმერთს ნიშნავს) ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა, რომელშიც განსაკუთრებით ავტომობილის უკანა ნაწილი გამოირჩევა.
„ურაკანის“ შასი კარბონის კომპოზიტისა და ალუმინისგანაა დამზადებული და სიმსუბუქის გარდა, სიმტკიცითა და გრეხვაზე მაღალი მედეგობით გამოირჩევა. ავტომობილის მშრალი წონა 1422 კილოგრამია, წონისა და სიმძლავრის ფარდობა კი ყოველ ცხენის ძალაზე 2.33 კილოგრამია. „ლამბორგინი“ სიამაყით გვამცნობს, რომ მტკიცე შასი, სარბოლი ავტომობილის მსგავსი მანევრულობის საშუალებას იძლევა.
სალონი სადაა და მასში ცენტრალური ადგილი, თხევადკრისტალურ სენსორულ ეკრანს უკავია, რომელზეც პრაქტიკულად ყველანაირი ინფორმაციის გამოტანაა შესაძლებელი. სავარძლები, კონსოლის და კარების პანელები ტყავით და ალკანტარითაა გაწყობილი. საჭის რგოლის უკან, გადაცემების შესაცვლელი ბერკეტებია მოთავსებული, ცენტრალური კონსოლის ქვედა ნაწილში კი ძრავის გამშვები წითელი ღილაკი მოთავსდა.
„ურაკანის“ ყველაზე მთავარი ნაწილი კი მის ბაზაში მდებარეობს. ესაა 5.2-ლიტრიანი V10, რომლის სიმძლავრე 610 ცხენის ძალაა (8 250 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 560 ნიუტონმეტრი (6 500 ბრ/წთ-ზე). ძრავს საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემითაა აჭურვილი, რომელსაც შეუძლია როგორც უშუალოდ, ასევე გარეთ შეფრქვევაც. „გალარდოს“ V10-თან შედარებით, ახალი ძრავი უფრო მძლავრიცაა და ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს.
ძრავს ორმაგი ქუროთი 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური ტრანსმისია (ლამბორგინი დოპია ფრიციონე) უკავშირდება, რომლიდანც მამოძრავებელი ძალა ოთხივე ბორბალს უნაწილდება. სრულ ამძრავიან სისტემას მთლიანად ელექტრონიკა აკონტროლებს. მძღოლს სამ რეჟიმში მართვა შეუძლია. ესენია სტრადა, ანუ საგზაო რეჟიმი, სპორტი და კორსა, ანუ სარბოლი რეჟიმი.
„ურაკანს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.2 წამი სჭირდება, 200 კმ/სთ სიჩქარეს 9.9 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ია. საწვავის საშუალო მოხმარება 100 კილომეტრზე მხოლოდ 12.5 ლიტრია, რაც ამ კლასის ავტომობილისთვის ძალიან ცოტაა. ასეთ ეკონომიურობაში კი მას სისტემა „სტოპ ენდ სტარტი“ ეხმარება. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ძრავი სრულად აკმაყოფილებს გამონაბოლქვზე ევრო 6 სტანდარტს - ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 290 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

No comments:

Post a Comment