Friday, December 27, 2013

ალონსო და როსი „ფერარის“ პროტოტიპით ლე მანზე?

Alonso and Rossi to field Ferrari at Le Mans?
27 დეკემბერი
ეს ჭორიც კი არაა. უბრალოდ, საინტერესო იქნებოდა, მოტორ გრანპრის შვიდგზის ჩემპიონის და ფ1-ის ორგზის ჩემპიონის წყვილს, გამძლეობაზე რბოლებში დაბრუნებული „ფერარის“ სპორტული პროტოტიპით ლე მანზე ეასპარეზათ. მერე რა, რომ ფერნანდო ალონსოს ლე მანისთვის არ სცალია - იმავე „ფერარისთან“ ერთად, „რედ ბულის“ და სებასტიან ფეტელი ჰყავს დასამარცხებელი. ვალენტინო როსის კი რა მოუვლის თავში, თავადაც არ უწყის, თუმცა ერთი რამ გადაწყვეტილი აქვს - ორ ბორბალს ემშვიდობება.
სხვათა შორის, ეს აზრი მარკ ვებერს ეკუთვნის, რომელმაც ახლახანს ფორმულა ერთზე უარი თქვა და სწორედ ენდურენსის რბოლებში გადავიდა, სადაც „პორშეს“ უახლესი ჰიბრიდული პროტოტიპით იასპარეზებს. ავსტრალიელმა თავის ტვიტერზე დაწერა - დიდებული რამ გავიგე, „ფერარი“ ლე მანზე დაბრუნებას აპირებსო. და 2015/2016 წლების კამპანიისთვის პილოტებიც შეარჩია - ალონსო და როსი.
მოკლედ, როსის ფ1-ში გადაბირება ვერაფრით მოხერხდა, არადა „ფერარიმ“ და მისმა შეფმა ლუკა დი მონტეძემოლომ ბევრი უტრიალეს. ჰოდა, რით იქნება ცუდი, თუ მოტოციკლების მეფე „ფერარის“ ახალ კამპანიას შეუერთდება? იმავე ლუკას ნათქვამი აქვს, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტის წყალობით, ლე მანი „ფერარისთვის“ შეიძლება საინტერესო გახდესო.
მარანელოელებს ამ ბიჭებისთვის შესანიშნავი მეწყვილეც ჰყავთ მარკ ჟენეს სახით, რომელსაც ლე მანი „პეჟოს“ პროტოტიპით 2009 წელს აქვს მოგებული. ალონსოს თავის კარიერაში, ღიაბორბლიანი სარბოლი ავტომობილების მეტი სხვა არაფერი უმართავს, როსიმ კი გასულ სეზონში, „ფერარი 458 იტალია GT3-ით“ „ბლენკპენის“ გამძლეობაზე რბოლების სერიაში, ცალკეულ რბოლებში იასპარეზა. ეს კი ერთ ნაბიჯშია ლე მანიდან...

No comments:

Post a Comment