Monday, December 30, 2013

„ფორდის“ გუნდი დაკარზე დებიუტისთვის მზადაა

Team Ford Racing makes Dakar Rally debut
30 დეკემბერი
სარბოლო გუნდი „ფორდ რეისინგი“ დაკარზე თავისი დებიუტისთვის მზადაა. რალი მარათონზე საასპარეზოდ, სამხრეთ ამერიკის გზებზე სამხრეთ აფრიკაში მომზადებული ორი „ფორდ რეინჯერი“ იასპარეზებს. სპეციალური სარბოლი „რეინჯერები“ სამხრეთ აფრიკულ გუნდ „ნილ ვულდრიჯ რეისინგის“ სპეციალისტებმა შეიმუშავეს. ერთ „რეინჯერს“ პილოტირებას არგენტინელი ლუსიო ალვარესი გაუწევს, მეორის საჭესთან კი სამხრეთაფრიკელი კრის ვიზერი დაჯდება.
რა თქმა უნდა, სარბოლი ავტომობილის შემუშავებაში მონაწილეობა „ფორდის“ გლობალური პროდუქტის განვითარების ჯგუფმაც მიიღო. „რეინჯერის“ მოდერნიზების ყველა ასპექტი დაწვრილებით განიხილებოდა და მთავარი კრიტერიუმი, რისთვისაც ავტომობილის ესათუის ნაწილი ან კვანძი იცვლებოდა, მისი მახასიათებლების გაუმჯობესება იყო. „რეინჯერის“ მოდერნიზების საქმეში მონაწილეობა მიიღო ჯგუფმა, რომელშიც 10 ქვეყნის 27 სპეციალისტი შედიოდა.
რბოლა, როგორც ყოველთვის, ურთულესია. ამჯერად ის მხოლოდ სამ ქვეყანაში - არგენტინაში, ბოლივიასა და ჩილეში გაივლის. დისტანცია 9 300 კილომეტრია, რომლის ერთ მონაკვეთშიც, სარბოლო ქარავანს გავლა ზღვის დონიდან 4 700 მეტრის სიმაღლეზე მოუწევს. რა თქმა უნდა, რბოლა ორკვირიანია და ის სტარტს როსარიოში (არგენტინა) 5 იანვარს აიღებს და ჩილეს ვალპარაისოში დასრულდება.
ასეთი დამღლელი რბოლისთვის მოსამზადებლად, პილოტებს სპეციალური კურსის გავლა დასჭირდათ. მათ ხომ საშუალოდ დღეში, სარბოლ რეჟიმში ექვსი საათის გატარება მოუწევთ, ამ დროს კი ტემპერატურა გარეთ 40 გრადუსზე მეტი იქნება, კაბინაში კი ხანდახან 60 გრადუსსაც მიაღწევს. თუმცა, ასეთ სიცხესთან გამკლავებაში მათ ჰაერის კონდიცირების სისტემა დაეხმარებათ.
გუნდის ლიდერ ეკიპაჟში (ზედა ფოტოზე), ალვარესს ნავიგატორად თანამემამულე რონი გრო ეყოლება. ალვარესი ადრე „ტოიოტას“ მანქანებით ასპარეზობდა და სამი ცდიდან, ორჯერ დაკარი მოწინავე ათეულში დაასრულა, რაც შესანიშნავი შედეგია. მითუმეტეს, 2012 წლის რბოლაში მას მესამე ადგილი ეკავა, მაგრამ მექანიკური პრობლემის გამო, ფინიში 27-ე ადგილზე გადაკვეთა. ის ამბობს, რომ წლევანდელი რბოლის ტრასა კარგად შეესაბამება „რეინჯერის“ მახასიათებლებს. არგენტინული ეკიპაჟის სასტარტო ნომერია 308.
მეორე ეკიპაჟი სამხრეთაფრიკულია - ვიზერს ნავიგატორობას ჯეიპი ბადენჰორსტი უწევს. მათი ეკიპაჟის ნომერია 329. ისინი ავტო ქროსის სპეციალისტები არიან, დაკარზე კი პირველად იასპარეზებენ და მათგან სიურპრიზები არაა მოსალოდნელი.

No comments:

Post a Comment