Tuesday, December 17, 2013

როგორ შეჭამა „იაგუარის“ იაგუარმა „მერსედესის“ ქათამი (ვიდეო)

Jaguar Eats Up Mercedes with Chicken Ad Remake
17 დეკემბერი
ამასწინათ „მერსედეს-ბენცმა“ ორიგინალური სარეკლამო რგოლი დაამზადა, რომელშიც მისი ავტომობილის ნაცვლად, მთავარი პერსონაჟი... ქათამია. რეკლამას ფონად დაიანა როსის სიმღერა, „აპსაიდ დაუნ“ გასდევს, რომლის რიტმზეც ქათმები „ცეკვავენ“. აქცენტი ფრინველის თავზეა გადატანილი, რომელიც, იმის მიუხედავად, თუ საით გადაადგილდება ტანი, მუდმივად ერთ წერტილშია კონცენტრირებული - სტაბილურობას ინარჩუნებს.
შედარებაც ორიგინალურია - ხმა გვამცნობს, რომ „მერსედესის“ უახლესი ფლაგმანის, S-კლასის სედანის მოაზროვნე საკიდარიც მუდმივად ინარჩუნებს ავტომობილის ტანზე კონტროლს! არც მილიონებია საჭირო ვარსკვლავის დასაქირავებლად და ყველაფერსაც ლაკონურად და ძალიან ეფექტურად გვიხსნიან.
მაგრამ რა მოხდა შემდეგ? ქათამს „ბოროტი“ იაგუარი ჭამს. ოღონდ, ეს უკვე სხვა რეკლამაა და მას სამი პერსონაჟი ჰყავს: ადამიანი, რომელიც ქათმის და მისი ოთხბორბლიანი პროტოტიპის შესაძლებლობათა დემონსტრაციითაა დაკავებული, ქათამი და... იაგუარი. რეკლამა კი საავტომობილო კომპანია „იაგუარს“ ეკუთვნის, რომელმაც თავისი უშუალო კონკურენტის რგოლი „დახვეწა“.
შედეგად, დიდ ლამაზ კატას „მერსედესის“ ქათამი შემოეჭამა... ბოლოს კი ყველაზე ორიგინალური განმარტებაა: „ტანის მაგიური კონტროლი? ჩვენ კატის მაგვარ რეფლექსებს ვამჯობინებთ“.
აი, ასე!..


ვიდეო
Jaguar vs. Chicken | Jaguar USA


Mercedes-Benz TV: MAGIC BODY CONTROL

No comments:

Post a Comment