Tuesday, November 19, 2013

„ნისან GT-R ნისმო“ ნურბურგრინგზე შვიდ წუთს მიუახლოვდა

New 592HP Nissan GT-R Nismo is the Fastest One Ever, Watch it Lap 'Ring in 7:08
19 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე, „ნისანი“ და მისი შვილობილი „ნისმო“, ამ უკანასკნელის მიერ მომზადებულ „ნისან GT-R ნისმოს“ წარადგენენ, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ოფიციალურ პრემიერამდე გაგვაცნო. ოღონდ, ამის მთავარი მიზეზი ის კი არ იყო, რომ მოუთმენელი მედიის ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა, არამედ ის, რომ ჩვენთვის საკუთარი მიღწევა ემცნო - „ნისანის“ მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი სიამაყით გვატყობინებს, რომ „ნისან GT-R ნისმომ“ ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი 7 წუთსა და 08.679 წამში გაიარა!
ამ ავტომობილის სრულყოფისთვის, „ნისმომ“ სარბოლი ტექნოლოგიები გამოიყენა. მოდიფიკაცია ჩაუტარდა ძარას, რისი მიზანიც აეროდინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესება იყო. დაიხვეწა საკიდარი და რა თქმა უნდა, ძრავიც. როგორც „ნისმო“ ირწმუნება, მის მიერ დამუშავებული GT-R მოსახერხებელია როგორც ტრეკზე, ისევე საერთო სარგებლობის გზებზეც.
„GT-R ნისმო“ იმავე 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც სტანდარტული GT-R. ოღონდ, ჩატარებული მოდიფიკაციის შედეგად, მისი სიმძლავრე 592 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 652 ნიუტონმეტრამდე. ძრავის სიახლეთა შორისაა დიდი ზომის, დიდი დიამეტრის მქონე ტურბოდამჭირხნები, რომლებიც ჰაერის უფრო მძლავრ ნაკადს ატარებენ. ასეთ ტურბინებს „ნისანი“GT3 კლასის სარბოლ ავტომობილზე იყენებს.
ასეთი კომპრესორების დახმარებით, ძრავის ცილინდრები უკეთ „ნიავდება“ და მასში უფრო დიდი რაოდენობით საწვავი ნარევი შედის. ელექტრონიკის მეშვეობით ოპტიმიზებულია ნაპერწკლის მიწოდება, რასაც კომპიუტერი ყოველი ცილინდრისთვის ცალკე აკონტროლებს. შედეგად, გაუმჯობესებულია წვის პროცესი, რაც თავის მხრივ, საწვავის კუთრი ენერგიის ეფექტურად ათვისების საშუალებას იძლევა. ჯერჯერობით, „ნისანი“ ავტომობილის დინამიკურ მახასიათებლებს არ გვიმხელს, თუმცა „რინგზე“ ნაჩვენები შედეგის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ახლოსაა „პორშეს“, „ფერარის“ და „მაკლარენის“ სუპერ ავტომობილების მახასიათებლებთან.
„GT-R ნისმო“ აღჭურვილია საკიდარით, რომელიც „ნისმოს“ სარბოლი GT-R-ის მსგავსი პრინციპითაა შექმნილი. იაპონური კომპანია აცხადებს, რომ ამ საკიდარის წყალობით, ავტომობილი მანევრულიცაა და კარგადაც იჭერს გზას. და რაც მთავარია, ამის მიღწევა, კომპრომისების გარეშე გახდა შესაძლებელი. ზამბარების და „ბილშტაინის“ მიერ სპეციალურად შექმნილი ამორტიზატორების (დამპტრონიკ) ტანდემები ისეა მომართული, რომ მაქსიმალურად გაზრდილიყო გზასთან ჩაჭიდება და მართვისას საჭის უკურეაქცია, ზღვარზე მართვისას, პროგრესირებადი ყოფილიყო. საკიდარს სამ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ესენია კომფორტი, ნoრმალი და R, ანუ რეისინგ. ბოლო მხოლოდ სარბოლ ტრეკზე გამოსვლისას არის რეკომენდებული. ავტომობილი „დანლოპის“ მიერ სპეციალურად მისთვის შემუშავებული საბურავებითაა აღჭურვილი.
რაც შეეხება გარეგნობას, „GT-R ნისმოს“ აქვს ახალი წინა და უკანა ბამპერები, გვერდითა კალთები, მასიური უკანა სპოილერი, რომელიც 300 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, სტანდარტულ GT-R -თან შედარებით, ავტომობილის გზასთან ჩაჭიდებას 100 კილოგრამით აუმჯობესებს. ავტომობილი შავ, 6-წკირიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „ნისანის“ ლეგენდარულ სარბოლ GT500-ს გაგახსენებთ. დაბოლოს, „GT-R ნისმო“ სპეციალური საღებავით იღებება, რომელსაც „მუქი მქრქალი რუხი“ უწოდეს.
სალონში „რეკაროს“ წარმოების სავარძლები განლაგდა, რომლებსაც კარბონის კომპოზიტისგან დამზადბული კონსტრუქცია აქვს. სტანდარტული საჭე ალკანტარაში შეფუთული სამწკირიანი რგოლით შეცვალეს, რომელსაც ცენტრალური პოზიციის წითელი სანიშნე აქვს. საჭის შალითის ნაკერებიც წითელი ძაფითაა შესრულებული. წითელი ფერი დომინირებს მაჩვენებლებშიც.
„ნისანი“ „GT-R ნისმო-ს“ პირველ რიგში, იაპონურ ბაზარზე გამოიტანს. ეს თებერვალში მოხდება. რაც შეეხება ნურბურგრინგზე დაფიქსირებულ დროს, რომელიც სატრეკო პაკეტით (მყიდველს მას ოპციის სახით შესთავაზებენ) აღჭურვილი ავტომობილით დამყარდა, ეს მსხვილსერიული ავტომობილებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

No comments:

Post a Comment