Wednesday, November 6, 2013

„ჰიუნდაის“ მანქანით ტიერი ნოივილი იასპარეზებს

Hyundai signs Thierry Neuville for 2014 WRC season
5 ნოემბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, „ჰიუნდაი მოტორსპორტმა“ კონტრაქტი გააფორმა ბელგიელ ტიერი ნოივილთან, რომელიც ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატში „ფორდის“ ავტომობილით ასპარეზობს და კლასიფიკაციაში მეორე ადგილი უკავია. 25 წლის პილოტმა კორეულ კომპანიასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ნოივილი გუნდ „M-სპორტში“ ამ სეზონის დასაწყისში გადავიდა და თავის ორივე თანაგუნდელს - ნორვეგიელ მადს ოსტბერგს, კატარელ ნასერ ალ-ატიას და რუს ევგენი ნოვიკოვს აჯობა. რამდნმე რბოლაში გამარჯვებისთვისაც იბრძოდა, მაგრამ მხოლოდ ოთხ მეორე ადგილს და ორ მესამეს დასჯერდა. სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ ერთი ეტაპი - ბრიტანეთის რალია დარჩენილი.
„მჯერა, რომ „ჰიუნდაი მოტორსპორტი“ ჩემთვის სწორი არჩევანია, რადგან ეს ახალგაზრდა, განვითარებადი და რაც მთავარია, ამბიციური გუნდია, რალის მსოფლიო ჩემპიონატში დიდხანს დარჩენას და უმაღლესი მიზნების მიღწევას გეგმავს. მე კი დიდი ხანია, საქარხნო გუნდში გადასვლა მინდოდა და ამას მივაღწიე კიდეც. ძალიან მომეწონა გუნდის ბაზა, რალის პროგრამისადმი მათი მიდგომა და რაც მთავარია, მათი პოტენციალი. იმედი მაქვს, WRC-ში ჩემი ორწლიანი გამოცდილება გუნდსაც გამოადგება და ჩვენ ჰარმონიულად მუშაობას შევძლებთ. ვიცი, რომ პირველ სეზონში ბევრი რამ გვექნება სასწავლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად კარგი მომავალი გვექნება“, - განაცხადა ნოივილმა.
„ჰიუნდაის“ გუნდის შეფმა მიშელ ნანდანმა განაცხადა, რომ ნოივილი ბევრი პარამეტრით შეესაბამება მისი გუნდის ამბიციებს რალიში: „ტიერი შესანიშნავ სეზონს ატარებს, რომლის დროსაც დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა მრბოლია. ის ძალიან სწრაფი, ნიჭიერი პილოტია და სწრაფად რეაგირებს რბოლისას შექმნილ სიტუაციებზე. ამიტომ „ჰიუნდაისთვის“ იდეალური მრბოლია. ასეთ ნიჭიერ მრბოლთან კონტრაქტის გაფორმებით, ჩვენ საქმისადმი სერიოზული მიდგომა გამოვავლინეთ. ამასთან, მისი მხრიდან, ეს ჩვენი შესაძლებლობების და ჩვენი პერსონალის დაფასებაა“.
აღსანიშნავია, რომ „M-სპორტის“ შეფი მალკოლმ უილსონი ნოივილს დარჩენის სანაცვლოდ ხელფასის გაზრდას სთავაზობდა. გარდა ამისა, ბელგიელმა შეთავაზება „სიტროენისგანაც“ მიიღო. ახალგაზრდა პილოტის დაკარგვის შემდეგ, უილსონმა „M-სპორტში“ ფინელი მიკა ჰირვონენი მიიწვია, რომელიც ამ სეზონში „სიტროენის“ გუნდის წევრია.

No comments:

Post a Comment