Saturday, November 9, 2013

„ინფინიტის“ ფეტელის ასეთი დომინაცია არ აწყობს

Infiniti: Vettel's dominance is bad news - for now
8 ნოემბერი
თითქოს პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი აშკარა დომინაციის გამო, რბოლების რეპორტაჟებისას, სებასტიან ფეტელი სულ უფრო იშვიათად ჩანს კადრში, რის გამოც, „რედ ბულის“ ტიტულოვან სპონსორს, საავტომობილო კომპანია „ინფინიტის“ საიმიჯო რეკლამა აკლდება. თუმცა, იაპონური კომპანია საბოლოოდ მაინც მოგებული დარჩება, რადგან თავის სამარკეტინგო საქმიანობაში ინტენსურად გამოიყენებს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის სახელს.
ამ სეზონში ფეტელს უკვე 11 რბოლა აქვს მოგებული, ინდოეთში გამარჯვების შემდეგ კი მეოთხე ტიტული გაინაღდა. „ინფინიტის“ გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი ენდი პალმერი ამბობს: „ფაქტია - ფ1-ში იმისთვის ვართ, რომ ჩვენი ბრენდის ცნობადობა გაიზარდოს. ეს კი ეკრანის დახმარებითაა შესაძლებელი. თუ საკითხს ამ კუთხით მივუდგებით, ფეტელი მეტისმეტად წარმატებულია და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე ტიტულის განაღდება ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, რადგან რეპორტაჟებისას მას იშვიათად აჩვენებენ. მაგრამ შორეულ პერსპექტივაში საქმე სულ სხვაგვარადაა. ფეტელი ლეგენდად ყალიბდება და მისი სახელი ჩვენს ბრენდთანაა დაკავშირებული. და ეს ლეგენდა სპორტში ბევრს და დიდხანს ემახსოვრება. მან კი ამ ყველაფერს ჩვენთან ერთად მიაღწია. ის ჩვენი ბრენდის კეთილი ნების ელჩია. თუ ის დარჩენილ ორ რბოლასაც მოიგებს, ისტორიაში ახალ ფურცელს ჩაწერს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სადაც სხვა მის ადგილზე ტიტულის განაღდების შემდეგ, თავს მოდუნების უფლებას მისცემდა, სები სულ სხვაგვარად იქცევა. მას ყოველი გამარჯვების შემდეგ მოტივაცია კიდევ უფრო უძლიერდება“.
პალმერმა ასევე დაადასტურა, რომ მისი კომპანია ფეტელის სახელით მეტი სპეც მოდელის გამოშვებას აპირებს, რაც კომპანიის ცნობადობასა და პრესტიჟზე დადებითად მოქმედებს. ამ ეტაპზე, ასეთი სპეციალური მოდელი არის „ინფინიტი FX ფეტელი“, რომელიც ექსკლუზიური ავტომობილების ბევრ მოყვარულს იზიდავს. გარდა ამისა, ჩემპიონი უკვე Q30-ის და Q50-ის ტესტირებაში მონაწილეობს.

No comments:

Post a Comment