Thursday, November 7, 2013

რაიკონენს მოკლებაზიანი „ლოტუსი“ ურჩევნია

Kimi Raikkonen set to stick with short wheelbase Lotus car
7 ნოემბერი
კიმი რაიკონენს გადაწყვეტილი აქვს, სეზონის დარჩენილ ორ რბოლაში მოკლებაზიანი „ლოტუსით“ იასპარეზოს. ეს გადაწყვეტილება მან პირველად აბუ დაბიში მიიღო, სადაც იღბალმა ზურგი აქცია. იყო მომენტი, როცა დაიმუქრა, ტრასაზე არ გამოვალ, თუ ხელფასს არ გადამიხდითო. მერე სტიუარდებმა მის მანქანაზე რეგლამენტთან შეუსაბამო დეტალი აღმოაჩინეს და სტარტზე პელოტონის კუდში გაამწესეს. ბოლოს კი, სტარტიდან პირველივე მოსახვევში ინციდენტი შეემთხვა და რბოლა აღარც გაუგრძელებია.
და მაინც, ფინელი პრაქტიკებზე დარწმუნდა, რომ მოკლებაზიანი მანქანა უკეთ შეესაბამება მის სტილს. ამის დასტურად, აბუ დაბის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე, მეხუთე დრო აჩვენა, რაც გერმანული ეტაპის შემდეგ, მისი საუკეთესო საკვალიფიკაციო შედეგია. „ლოტუსის“ შეფ ერიკ ბუიესაც ისღა დარჩენია, კიმის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ბუიე თვლის, რომ რაიკონენი მალე მიეჩვეოდა გრძელბაზიან შასის და ეს მის შედეგებზეც აისახებოდა, მაგრამ რადგან ასე არჩია, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვსო.
აბუ დაბიში რაიკონენმა განაცხადა, რომ მის მიერ მოკლებაზიანი შასის არჩევა, ტრასის მახასიათებლების გამო არ მომხდარა და რომ ამ ვერსიას დარჩენილ ტრასებზეც ამჯობინებს. ასეც რომ არ იყოს, შასის ხშირი ცვლაც არასასურველია, რადგან ეს ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ამიტომ, რაც ავირჩიე, იმას ბოლომდე გამოვიყენებო.

No comments:

Post a Comment