Thursday, November 7, 2013

ახალი „ნისან ქაშკაი“ - უფრო კოხტა, ფართო და ეფექტური

All-New Nissan Qashqai Is Sleeker, Roomier and More Efficient
7 ნოემბერი
„ნისანმა“ მეორე თაობის ქროსოვერ „ქაშკაის“ ფოტოები და მახასიათებლები გამოაქვეყნა. ავტომობილის გარეგნობა ძირეულადაა შეცვლილი და ის ახალი „როგის“ და „X-ტრეილის“ სტილშია შესრულებული. ახალი ავტომობილი წინამორბედზე 49 მილმეტრით გრძელი, ოდნავ დაბალი და განიერია. ამასთან, მასში სავარძლები ოდნავ მაღლაა განლაგებული. მართალია, მთლიანობაში მომცრო „როგს“ მოგაგონებთ, მაგრამ ახალი „ქაშკაი“ უფრო სპორტულ სტილშია შესრულებული. ასევე გამოარჩევს უფრო დიდი უკანა ფარები, რომლებიც შეიძლება „ფორდ ფოკუსის“ ფარებსაც კი მიამსგავსოთ.
ინტერიერშიც მსგავსი სიტუაციაა. იქაურობა „როგის“ და „X-ტრეილის“ სალონს მოგაგონებთ. ეს ურთიერთშენაცვლებადი მაკომპლექტებლებისთვის გაღებული ხარკია, რისი მეშვეობითაც, იაპონური კომპანია საწარმოო ხარჯების შემცირებას აღწევს. ამასთან, რელიზით გვარწმუნებს, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გამოყენებული მასალების და შესრულების ხარისხი. რა თქმა უნდა, სიგრძე-სიგანეში ზრდა, სალონში სივრცის გაზრდაშიც აისახა.
ახალი „ქაშკაის“ აღჭურვილობაში ბენზინის ორი და დიზელისაც ორი აგრეგატი შევა. მას ექნება ორი ან ოთხივე წამყვანი ბორბალი, ძრავს მექანიკური კოლოფი, ან ავტომატური Xტრონიკი დაუკავშირდება. ყველაზე პატარა ძრავია „რენო-ნისანის“ წარმოების 1.2-ლიტრიანი DIG-T (უშუალო შეფრქვევით ბენზინის-ტურბო), რომელიც 115 ცხენის ძალას და 190 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ის სპეციალურად ახალი „ქაშკაისთვის“ შეიქმნა. თუ მას 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება და წამყვანი მხოლოდ წინა ბორბლებია, ავტომობილი საშუალოდ ას კილომეტრზე 5.6 ლიტრ ბენზინს წვავს და ყოველი კილომეტრის გავლისას ატმოსფეროში 129 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.
ბენზინის მეორე ძრავი არის 1.6-ლიტრიანი DIG-T, რომელიც ძრავების გამას ზაფხულში დაემატება. მისი სიმძლავრე 150 ცხენის ძალა, მაქსიმალური მომენტი კი 240 ნიუტონმეტრია. მისით აღჭურვილი „ქაშკაის“ საშუალო ხარჯიც 5.6 ლიტრია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი კილომეტრზე 132 გრამი.
ახალი „ქაშკაის“ ყველაზე ეფექტური ძრავია დიზელის 1.5-ლიტრიანი dCi, რომლის სიმძლავრეც 110 ცხენის ძალას აღწევს. ამ აგრეგატით აღჭურვილი ავტომობილის სტანდარტულ კომპლექტაციაში ასევე სისტემა სტარტ-სტოპიც შედის. შედეგად, ას კილომეტრზე ხარჯი მხოლოდ 3.8 ლიტრია, გამონაბოლქვში CO2-ს შემცველობა კი - კილომეტრზე 99 გრამი.
სამაგიეროდ, დიზელის მეორე აგრეგატი, ახალი „ქაშკაის“ ძრავებიდან ყველაზე მძლავრია. ეს არის „რენოს“ წარმოების 1.6-ლიტრიანი dCi, რომლის შემუშავების დროსაც, ფრანგულმა კომპანიამ ფორმულა ერთში დაგროვილი გამოცდილება გამოიყენა. მისი სიმძლავრე 130 ცხენის ძალას აღწევს, ხარჯი მხოლოდ 4.4 ლიტრია, CO2-ს შემცველობა კი - 115 გრამი. ამ ძრავით აღჭურვილი „ქაშკაი“, თუ ის სრულ ამძრავიანია და მექანიკური ტრანსმისია აქვს, ას კილომეტრს 4.9 ლიტრი საწვავით გაგატარებთ, იგივე სრულ ამძრავიანი ვერსია, ოღონდ სრულიად ახალი Xტრონიკ CVT (უსაფეხურო ვარიატორი) ტრანსმისიით კი - 4.6 ლიტრით.
ახალი „ქაშკაი“ ასევე აღჭურვილია „ნისანის“ უახლესი ტექნოლოგია „სეიფტი შილდით“, რომელშიც გაერთიანებულია იშეჯახების ამრიდებელი, მძღოლის ყურადღების დამხმარე და ტრეფიკის ამომცნობი სისტემები. მასშივე ინტეგრირებულია პარკირების დამხმარე სისტემაც. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ახალი სისტემა დაემატა, ახალი „ქაშკაის“ ზოგიერთი ვერსია, მაინც წინამორბედზე 40 კილოგრამით მსუბუქია.
„ქაშკაის“ სანდერლენდის (ბრიტანეთი) გამოუშვებს და ის გლობალურ ბაზარზე იანვარში გამოვა.

No comments:

Post a Comment