Saturday, November 16, 2013

მოწინავე რიგი ისევ „რედ ბულისაა“

Motor racing-Vettel grabs pole for U.S. Grand Prix
16 ნოემბერი
ერთადერთი, ვისაც სებასტიან ფეტელისთვის მორიგი პოულის მოპოვებაში ხელის შეშლა შეეძლო, მარკ ვებერია, რომელმაც წინა სამი ეტაპიდან, ეს ორზე (სუზუკასა და აბუ დაბიში) შეძლო, მაგრამ ამჯერად მისმა ტიტულოვანმა თანაგუნდელმა იმარჯვა და ამ სეზონში მერვედ დაეუფლა პოულს, რომელსაც მისი ზედიზედ მერვე გამარჯვებამდე მიყვანა შეუძლია.
ეს რეკორდი იქნება - ზედიზედ შვიდი რბოლა მიხაელ შუმახერს აქვს მოგებული, ცხრა კი, ოღონდ ორ სეზონში, ალბერტო ასკარის. მოკლედ, ოსტინში გამარჯვების შემთხვევაში, ფეტელი ასკარის აბსოლუტური რეკორდის გამეორების შანსსაც მიიღებს. გარდა ამისა, შუმახერის კიდევ ერთი რეკორდის გამეორებისკენ ერთ ნაბიჯს გადადგამს - თუ ოსტინშიც და სან პაულუშიც მოიგო, დიდი გერმანელის მიღწევას, ერთ სეზონში 13 გამარჯვებას გაიმეორებს.
თუმცა, ფეტელი ამბობს, რომ რეკორდებზე არ ფიქრობს: „ეს ამბები არ მაღელვებს. ყოველ შემთხვევაში, ვცდლობა მათზე არ ვიფიქრო. ჩემი აზრით, რბოლის წინ რეკორდებზე ფიქრი კარგ სამსახურს არ გამიწევს. ასეთი მიდგომით ბევრს მივაღწიე და ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც ამ მიდგომის შეცვლას აზრი ექნება“.
მესამე და მეოთხე დრო რომენ გროჟანმა და ნიკო ჰულკენბერგმა დააფიქსირეს. და თუ ფრანგისგან ასეთი შედეგები არავის უკვირს, გერმანელმა მოწინავეთა შორის ყოფნას მოუხშირა და ალბათ რბოლაშიც ბევრს გაურთულებს საქმეს. სხვათა შორის, კვალიფიკაციის მესამე სექტორში გავიდა მისი მექსიკელი თანაგუნდელი ესტებან გუტიერესიც, ვინც მეათე ადგილს დასჯერდა. „ზაუბერის“ აშკარა წარმატებები და ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ჰულკენბერგი ამ გუნდში მომავალ სეზონშიც ვიხილოთ, შვეიცარიულ გუნდს, სტაბილური სპონსორის შოვნის რეალურ შანსს აძლევს.
კარგად იასპარეზე სერხიო პერესმაც, რომელიც „მაკლარენისგან“ აშკარად დაიჩაგრა, მაგრამ უოკინგელთა შეფი მარტინ უიტმარში რომელიმე სხვა გუნდში მოწყობაში დახმარებას პირდება. თუმცა, სხვა გუნდი რად უნდა, ამბიციურ მექსიკელს ისეთი მანქანა სჭირდება, რომელიც თავისი უნარის სრულად გამოვლენის საშუალებას ვერ მიეცემს. სამწუხაროდ, „მაკლარენში“ მაშინ გადავიდა, როცა ფ1-ის მეორე ყველაზე ტიტულოვან გუნდს თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი აქვს...
ფერნანდო ალონსო „თავის ადგილზეა“ - მოწინავე ათეულის შუაში. რა თქმა უნდა, ეს უკეთესია, ვიდრე ფელიპე მასას მე-15 ადგილი. თავისი ხელმოცარული „მერსედსსაც“ ჰყავს ნიკო როსბერგის სახით, ვინც სტარტზე სწორედ მასას წინ დადგება. სამაგიეროდ, ჰეიკი კოვალაინენი „ლოტუსის“ ბოლიდით პირველივე გამოსვლისას ათეულში შევიდა. და რა თქმა უნდა, აღნიშვნას იმსახურებს ვალტერი ბოტასის მეცხრე ადგილი. ფინელმა პილოტმა კვალიფიკაცია შესანშნვად ჩაატარა, პირველი სექტორი საუკეთესო დროით დაასრულა, მეორეში კი მეოთხე დროს დასჯერდა. და არაა გამორიცხული, რომ რბოლის შემდეგ, „უილიამსის“ ქულების ყულაბა შეავსოს, რომელშიც ჯერჯერობით მხოლოდ პასტორ მალდონადოს მიერ მოპოვებული ერთადერთი ქულა ირიცხება.

აშშ-ის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:36.338
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:36.441
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:37.155
4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:37.296
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:37.345
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:37.376
7. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                        1:37.452
8. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                  1:37.715
9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:37.836
10. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:38.034
- - - - - - - - - -
11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:38.131
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:38.139
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:38.217
14. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:38.364
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:38.592
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)          1:38.696
- - - - - - - - - -
17. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:39.250
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:39.351
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:40.491
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:40.528
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:40.596
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)     1:41.401

No comments:

Post a Comment