Monday, November 11, 2013

მასა „უილიამსში“ მალდონადოს შეცვლის

Massa in, Maldonado out and Bottas stays at Williams in 2014
11 ნოემბერი
მომავალი სეზონიდან, „უილიამსში“ პასტორ მალდონადოს ნაცვლად ფელიპე მასა იასპარეზებს. ამასთან, ბრიტანულ გუნდში გამოსვლას ვალტერი ბოტასი გააგრძელებს. იმავდროულად, „უილიამსთან“ თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს მისი მთავარი სპონსორი - ვენესუელური ნავთობკომპანია PDVSA, რომელიც მალდონადოს მხარდამჭერია და როგორც ჩანს, მას „ლოტუსში“ გადასვლაში დაეხმარება.
„ფორმულა ერთის ისტორიაში, „უილიამსი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია. ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი „უილიამსში“, „ფერარიში“ და „მაკლარენში“ მოხვედრაზე. და ძალიან მიხარია, რომ „ფერარის“ შემდეგ, კიდევ ერთ გრანდში გადავალ. ისიც სასიამოვნო გასახსენებელია, რომ ამ გუნდში რამდენმე საუკეთესო ბრაზილიელი მრბოლი (ნელსონ პიკე, აირტონ სენა, რუბენს ბარიკელო) ასპარეზობდა. ვფიქრობ, რეგლამენტის ცვლილების გამო, გამოცდილება ძალიან ჩემი მნიშვნელოვანი იქნება, რაც გუნდს მძიმე პერიოდის დაძლევაში დაეხმარება“, - განაცხადა მასამ და დასძინა, რომ ახალი გამოწვევისთვის მზადაა და მოუთმენლად ელის გროვში მუშაობის დაწყებას.
ფრენკ უილიამსის თქმით, მასას სახით, მის გუნდს გამორჩეული ნიჭის მქონე პილოტი შეემატა, რომელიც ბრძოლისუნარიანობითაც გამოირჩევა და „უილიამსში“ უზარმაზარ გამოცდილებასაც მოიტანს, რითაც გუნდი თავისი ისტორიის ახალ ნაწილს დაიწყებს. მანვე დაამატა, რომ სრულ ნდობას უცხადებს ბოტასს, რომელიც მალე სასიამოვნოდ გაგვაოცებს.
მასასთან პარტნიორობას ბოტასიც მიესალმება და თვლის, რომ ბრაზილიელთან ერთად, უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს გუნდისთვის, რომელსაც ამ სეზონში ძალიან ძნელი პერიოდი აქვს. ამასთან, მადლობა გადაუხადა ფრენკ და კლერ უილიამსებს იმისათვის, რომ ნდობა გამოუცხადეს და თავის გამოჩენის შანსი მისცეს.
კლერ უილიამსმა კი, ვინც ფრენკის შვილი და „უილიამსის“ შეფის მოვალეობის შემსრულებელია, განაცხადა, რომ მასას გუნდში მოსვლა მხოლოდ პირველი სიახლეა მათ შორის, რომლებსაც მალე შევიტყობთ. მას არ დაუკონკრეტებია კონტრაქტის პერიოდი, თუმცა თქვა, რომ ის მრავალწლიანია.
შეგახსენებთ, რომ ფელიპე მასა „ფერარიში“ 2006 წლიდან ასპარეზობდა და იქ მისი თანაგუნდელი ჯერ მიხაელ შუმახერი იყო, შემდეგ კი კიმი რაიკონენი და ფერნანდო ალონსო. 2008 წელს მას ერთი ქულა დააკლდა ჩემპიონობამდე, მომდევნო სეზონში კი, უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მომხდარი ინციდენტისას, თავის ქალის უმძიმესი ტრავმა მიიღო. კარიერაში მას 191 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან 11 მოიგო, 36 კვარცხლბეკზე დაასრულა, 15-ჯერ პოულიდან აიღო სტარტი და 14-ჯერ რბოლის უსწრაფესი წრე დააფიქსირა. „ფერარიში“ მისვლამდე ის „ზაუბერში“ გამოდიოდა.

No comments:

Post a Comment