Sunday, November 24, 2013

გაუჭირდებოდათ...

Motor racing-Vettel takes record ninth win in a row
24 ნოემბერი
ქართველი ფეოლა იტყოდა, გაგიჭირდებოდათო - სებასტიან ფეტელს და „რედ ბულს“ იგულისხმებდა. ფეოლა კი არა, ყველა ასე იტყოდა, ვინც ამ უძლეველი ტანდემის ზედზედ მეცხრე გამარჯვებას უცქირა. ამჯერად ტრიუმფი სან პაულუს ინტერლაგუშზე შედგა. ფეტელმა და წითელმა ხარებმა ისევ ზურგზე დადეს ყველა მეტოქე.
ამჯერად მათი მთავარი მეტოქე ფერნანდო ალონსო და „ფერარი“ იყვნენ, მაგრამ სათუოა, მათ რბოლაში რაიმე ილუზია ჰქონოდათ - ფეტელს რომ დასჭირვებოდა, ტემპს მოუმატებდა და მაინც მოიგებდა. მოკლედ, ზედიზედ ცხრა რბოლის განმავლობაში, მოტორ სპორტის მოყვარული, მეორე ადგილისთვის ბრძოლას ადევნებდა თვალს. და ეს ერთი შეხედვით მოსაბეზრებელი და იმავდროულად ძალიან საინტერესო კამპანიაც ლოგიკურად დასრულდა.
სხვათა შორის, ბევრი შეიძლება ელოდა, რომ გერმანელი, რომელმაც თავისი ზედიზედ მეოთხე ტიტული ჯერ კიდევ ინდოეთში გამარჯვებით გაინაღდა, ბრაზილიაში გამარჯვებას თავის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ ვებერს დაუთმობდა, რომლისთვისაც ეს ფ1-ში ბოლო რბოლა იყო. მაგრამ ფეტელმა და „რედ ბულმა“ უაზრო სპექტაკლისგან თავი შეიკავეს და გამარჯვებაც უძლიერესს დარჩა.
„ბიჭებო, მე თქვენით ვამაყობ, მე თქვენ მიყვარხართ. ისიამოვნეთ ამ მომენტით. ჩვენ ეს შევძელით, ეს წარმოუდგენელია“, - რადიოთივე გადაუხადა მადლობა თავის თანაგუნდელებს ფეტელმა, ვინც ამ სეზონში მე-13, კარიერაში 39-ე და ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. სეზონში 13 მოგებით მან მიხაელ შუმახერის მიღწევა გაიმეორა, ერთ სეზნში მოპოვებული ზედიზედ ცხრა გამარჯვება კი ფ1-ის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ზედიზედ ამდენივე მოგება ალბერტო ასკარისაც აქვს (1952-53 წლებში), მაგრამ მას ამისთვის ორი სეზონი დასჭირდა. ოღონდ, ისიც უნდა ითქვას, რომ მაშინ სეზონში ათ რბოლაზე მეტი არ ტარდებოდა.
ბოლო რბოლაში, ამ სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ჯენსონ ბატონმა, ვინც ფეტელამდე ბოლო მსოფლიო ჩემპიონია. მან მეოთხე ადგილი დაიკავა და „მაკლარენი“ თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგისგან იხსნა. და მაინც, 19 რბოლაში უოკინგელებმა ერთხელაც ვერ მიაღწიეს კვარცხლბეკს და საბოლოოდ, მეხუთე გუნდურ ადგილს დასჯერდნენ, რაც 1966 წლის სადებიუტო სეზონის შემდეგ, ყველაზე უარესი შედეგია. შესანიშნავად იასპარეზა სერხიო პერესმაც, რომელმაც სტარტი მე-19 ადგილიდან აიღო და მეექვსემ დაასრულა. სამწუხაროდ, „მაკლარენი“ მექსიკელს დაუმსახურებლად დაემშვიდობა.
„ფერარიში“ გატარებული რვაწლიანი ეპოქა დაასრულა ფელიპე მასამ, ვისთვისაც ეს ძალიან რთული რბოლა გამოდგა. ჯერ ლუის ჰამილტონთან (ისევ ჰამილტონთან) პაექრობისას, მან პიტლეინზე შესასვლელი ზოლი ოთხივე ბორბლით გადაკვეთა და სტიუარდებმა ამისათვის პიტლეინზე გავლით დასაჯეს. სხვათა შორის, მოგვიანებით იგივე სასჯელი ჰამილტონმაც მიიღო, ოღონდ მას ბრალი ვალტერი ბოტასთან შეჯახების ინსპირირებაში დასდეს. ორივე შემთხვევაში, ჯარიმა საკამათო იყო - სტიუარდბს, რომელთა შორისაც ყოველთვის არიან ფ1-ის ყოფილი პილოტები, ხშირად ზედმეტი სიმკაცრე მოსდით ხოლმე...
 სტარტი კი ისეთი იყო, საინტერესო რბოლის იმედი ჩაგვისახა - ნიკო როსბერგმა ფეტელს გაასწრო, ჰამილტონმა კი - ვებერს და ალონსოს. მაგრამ მეორე წრის დასაწყისშივე პელოტონი ჩვეულ კალაპოტში ჩადგა - ფეტელმა როსბერგისგან ლიდერობა დაიბრუნა, ჰამილტონს კი ჯერ ალონსომ გაასწრო, მერე კი ვებერმაც. მალე ალონსომ როსბერგიც ჩამოიტოვა, რომენ გროჟანის „ლოტუსზე“ კი ძრავი დაიწვა. აქედან მოყოლებული, მოწინავეთა განლაგება პრაქტიკულად არ შეცვლილა. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი „რედ ბულის“ პიტსტოპი იყო, რომელზეც ჯერ ფეტელი შევიდა და იმავე წრეზე, მას უკან ვებერიც მოადგა. თუმცა ავსტრალიელს დიდხანს ლოდინმა არ მოუწია...

ბრაზილიის დიდი პრიზი
სან პაულუ (ინტერლაგუში), დისტანცია 305.909 კმ (71 წრე, 4.309 კმ)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:32:36.300
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     +00:10.452
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)              00:18.913
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              00:37.360
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   00:39.048
6. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       00:44.051
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:49.110
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                01:04.252
9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         01:12.903
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1 წრე
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1 წრე
12. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1 წრე
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1 წრე
14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1 წრე
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)         1 წრე
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1 წრე
17. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    2 წრე
18. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  2 წრე
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   2 წრე
გ. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                       13 წრე
გ. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  26 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 69 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მარკ ვებერი - 1:15.436, 51-ე წრე

მრბოლთა საბოლოო კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 397 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 242; 3. მარკ ვებერი - 199; 4. ლუის ჰამილტონი - 189; 5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) - 183; 6. ნიკო როსბერგი - 171; 7. რომენ გროჟანი - 132; 8. ფელიპე მასა - 112; 9. ჯენსონ ბატონი - 73; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 51; 11. სერხიო პერესი - 49; 12. პოლ დი რესტა - 48; 13. ადრიან სუტილი - 29; 14. დანიელ რიკიარდო - 20; 15. ჟან-ერიკ ვერნი - 13; 16. ესტებან გუტიერესი - 6; 17. ვალტერი ბოტასი ­- 4; 18. პასტორ მალდონადო - 1; 19. ჟიულ ბიანკი - 0; 20. შარლ პიკი - 0; 21. ჰეიკი კოვალაინენი - 0; 22. გიედო ვან დერ გარდე - 0; 23. მაქს ჩილტონი - 0

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 596 ქულა
2. მერსედესი - 360
3. ფერარი - 354
4. ლოტუს-რენო - 315
5. მაკლარენ-მერსედესი - 122
6. ფორს ინდია-მერსედესი - 77
7. ზაუბერ-ფერარი - 57
8. ტორო როსო-ფერარი - 33
9. უილიამს-რენო - 5
10. მარუსია-კოსუორტი - 0
11. კატერჰემ-რენო - 0

No comments:

Post a Comment