Thursday, November 21, 2013

„პორშე მაკანი“ - უგზოობის კომპაქტური სპორტული ავტომობილი

Porsche Debuts Macan, Calls It the Sports Car of Compact SUVs
21 ნოემბერი
„პორშე მაკანი“ წელს საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დებიუტანტია. ჯერ ერთი, მას დიდხანს მოუთმენლად ველოდით, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს „პორშეს“ ბიზნესის მორიგი „ამაჩქარებელია“, რომლის წყალობითაც, გერმანული კომპანია, თავისი ისტორიის თვისობრივად ახალ ეტაპს იწყებს - მასობრივი მწარმოებელი ხდება.
მეორეც, ამ ავტომობილით, ცუფენჰაუზენელები არნახულად უახლოვდებიან მასებს, თუმცა ეს მათ ავტორიტეტს სრულებით არ ავნებს. მესამეც, უგზოობის კომპაქტური ავტომობილების კლასში, ახალი სტანდარტი ყალიბდება, რომელსაც, უნდათ თუ არა, აუცილებლად შეედრებიან კონკურენტები. ახალ ავტომობილს, ერთდროულად ორ დიდ საავტომობილო გამოფენაზე - ლოს ანჯელესსა და ტოკიოში პრაქტიკულად ერთდროულად ჩაუტარდა პრემიერა.
დებიუტისთანავე, „მაკანი“ ბაზარზე სამი მოდიფიკაციის სახით წარსდგება. ესენია „მაკან S“, „მაკან S დიზელი“ და „მაკან ტურბო“. სამივეს სტანდარტულ ეკიპირებაში სრულ ამძრავიანი სისტემა შედის. მწარმოებელი ამბობს, რომ „მაკანი“უგზოობის კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში სპორტულ შტოს წარმოადგენს. და ასეთ განსაზღვრებას, ამ ავტომობილის მახასიათებლები უმაგრებს ზურგს.
„მაკან S“ აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი V6 წყვილ ტურბოიანი ძრავით, რომლის სიმძლავრე 335 ცხენის ძალას აღწევს. ძრავთან შეწყვილებულია ორქუროიანი 7-საფეხურიანი კოლოფი. ამ აგრეგატებით ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5.4 წამში ასწრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 254 კმ/სთ-ია. ეს ვერსია ასი კილომეტრის გასავლელად საშუალოდ 9.01 ლიტრ საწვავს მოიხმარს, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 212 გრამია.
„მაკან S დიზელი“ შედარებით „მშვიდი“ ავტომობილია და იმავდროულად, უფრო ეკონომიურიც. ის 3.0-ლიტრიანი V6 ტურბო დიზელითაა აღჭურვილი, რომელიც 255 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ას კილომეტრზე მას 6.3 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 164 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. სტანდარტულ აჩქარებას (ნულიდან ასამდე) 6.3 წამში ასწრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 230 კმ/სთ-ს აღწევს.
ყველაზე სწრაფია „მაკან ტურბო“. მას მამოძრავებელი ძალით 3.6-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 394 ცხენის ძალაა. ეს ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4.8 წამში აჩქარდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 266 კმ/სთ-ს აღწევს. ასი კილომეტრის გასავლელად 9.2 ლიტრი ბენზინია საკმარისი, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 216 გრამი ნახშირორჟანგი გამოიყოფა.
მართალია, სრულ ამძრავიანი ავტომობილია, მაგრამ „მაკანს“ მაინც აქვს სპეციალური რეჟიმი „ოფროუდ“, რომელიც ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული სპეციალური ღილაკით აქტიურდება და 0-80 კმ/სთ სიჩქარის დიაპაზონში მოქმედებს. ღილაკზე დაჭერისთანავე, ყველა შესაბამისი სისტემა მხოლოდ უგზოობის რეჟიმში მუშაობას იწყებს და მაქსიმალურად ზრდის გზასთან ჩაჭიდებას. იმ შემთხვევაში კი, თუ ავტომობილი პნევმატური საკიდარითაა აღჭურვილი (ის სტანდარტულ ეკიპირებაში შედის მაკან ტურბოზე), კლირენსი ავტომატურად 40 მილიომეტრით იზრდება. ამასთან, კლირენსი მაქსიმუმ 230 მილიმეტრს აღწევს.
თქვენს სამსახურშია ასევე ღილაკი სპორტი, რომელიც ავტომობილს აგრესიას მოუმატებს. პირველ რიგში, ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ ძღავი სწრაფად „მიჰყვება“ აქსელერატორის მოძრაობას, გადაცემები კი უფრო მაღალ ბრუნვებზე მუშაობას ახერხებენ. ამასთან, ძრავი უფრო „სარბოლო“ ხმაზე ღმუის და რა თქმა უნდა, საკიდარი ხისტდება, რაც მოსახვევების უკეთ „ათვისების“ საშუალებას იძლევა.
„მაკანის“ სტანდარტულ ეკიპირებაში შედის მულტი-ფუნქციური საჭის რგოლი, რომელიც გადაცემების გადასართავ ბერკეტებსაც (ნიჩბებსაც) მოიცავს, ზორბა ბორბლები, მაღალი დონის აუდიო სისტემა და ელექტრონულად მართვადი უკანა კარი. ოპციაში შედის პნევმტური საკიდარი, მომენტის გამანაწილებელი სისტემა, დინამიური განათების სისტემა და ბევრი სხვა.
„მაკან S“ და „მაკან S დიზელი“ გერმანიაში 57 930 ევრო ღირს, „მაკან ტურბოს“ ფასი კი 79 826 ევროა. ამ ავტომობილზე მიღებული შეკვეთების შესრულებას „პორშე“ 5 აპრილს დაიწყებს.

No comments:

Post a Comment