Saturday, November 2, 2013

რა შეუძლია „ჰიუნდაის“ წყალბადის ფიჭურ ელემენტებს

Hyundai Creates Fuel Cell Farm Powered by Hydrogen-Fuelled iX35
2 ნოემბერი
„ჰიუნდაიმ“ ლონდონელებს წინასწარ დაანონსებული წარმოდგენა მოუწყო, რომელშიც მთავარ როლს, წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ქროსოვერი iX35 ასრულებდა. ეს არის ამ ტიპის ტექნოლოგიით აღჭურვილი პირველი სერიული ავტომობილი მსოფლიოში. სპეციალური წარმოდგენისას, რომელიც ლონდონის დიზაინის მუზეუმის მახლობლად მოეწყო, ავტომობილის გამოსაბოლქვი დაკავშირებული იყო მინი ფერმასთან, რომელსაც სუფთა წყლით ამარაგებდა.


ტექნოლოგიის დემონსტრირებისას, მუზეუმის დათვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე და მათს მუშაობას დაკვირვებოდნენ. სტენდზე გამოყენბული ფერმა მოიცავდა მორწყვის აკვაპონიურ მოწყობილობას და გამჭვირვალე აუზს, რომელშიც თევზები დაცურავდნენ. სადემონსტრაციო ჩვენებისას, ავტომობილის ფიჭური ელემენტები მუშაობდა და წყალს გამოჰყოფდა, რომელიც ავტომატურად ფერმას ხმარდებოდა. აკვაპონიური ტექნოლოგიის გამოყენებით, თევზის ნარჩენებიდან მინერალები გამოიყოფოდა, რომელსაც მცენარეთა საზრდოდ იყენებდნენ.


ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი „ჰიუნდაის iX35-ს“ ლონდონში უკვე ჩაუტარდა საგზაო ტესტები და რამდენიმე ეგზემპლარი ქალაქის ფიჭური ელემენტების პროგრამაშიც ჩაერთო. გარდა ამისა, კორეული კომპანია ამავე ავტომობილს ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც ცდის. „ჰიუნდაი“ ამ ავტომობილის მცირესერიულ (წლიურად 10 000 ცალს) წარმოებას 2015 წელს დაიწყებს, მანამდე კი მის პოპულარიზაციასა და შესაფერისი ინფრაქტრუქტურის განვითარებაზე მუშაობს.

No comments:

Post a Comment