Friday, October 18, 2013

„ნისანმა“ შეიძლება ელექტრული „ქაშკაი“ გამოუშვას

Electric Nissan Qashqai "a possibility"
18 ოქტომბერი
„ნისანის“ ხელმძღვანელობა, შემდეგი თაობის ქროსოვერ „ქაშკაის“ ბაზაზე ელექტრომობილის გამოშვებას არ გამორიცხავს. ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, იაპონური კომპანიის ევროპული შტოს გაყიდვებისა და მარკეტინგის შეფმა გიიომ კარტიემ განაცხადა, რომ ასეთი ავტომობილი უახლოეს მომავალში ბაზარზე ვერ მოხვდება, თუმცა დასძინა, რომ მისი წარმოებისთვის მწვანე შუქის ანთებას არ გამორიცხავს.
ელექტრული „ქაშკაისთვის“ გამოიყენებენ ტექნოლოგიას, რომელიც პირველად „ლიფზე“ დააყენეს, შემდეგ კი მინივენ NV200 EV-სთვის დახვეწეს. კარტიე ამბობს, რომ კიდევ ერთი ელექტრომობილის შემთხვევაში, ძალური დანადგარების თვითღირებულება შემცირდება და ეს წარმოებული ელექტრომობილების ფასსაც კონკურენტუნარიანს გახდის.
კარტიეს თქმით, „ნისან ლიფის“ მყიდველი თავის არჩევანს ემოციის საფუძველზე აკეთებს - ავტომობილი მიმზიდველიცაა და რაც მთავარია, გარემოსადმი მეგობრული. სამაგიეროდ, NV200 EV-ს მყიდველის არჩევანს, პრაგმატული მოსაზრებები განაპირობებს. „არ არსებობს კომერციული ავტომობილების მყიდველზე მეტად რაციონალური მყიდველი“, - დასძენს კარტიე.
იაპონური კომპანიის მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ სწორედ მყიდველთა რაციონილური კატეგორიის მეშვეობით შეიძლება სხვა ელექტრომობილების ავტორიტეტის ამაღლება, რადგან კომერციული ელექტრომობილების მფლობელები ყველაზე უკეთ აღიქვამენ თავიანთი შენაძენის პრაქტიკულობას.
კარტიე დასძენს, რომ „ნისანი“ თავისი ელექტრომობილების გამას თანდათან გააფართოებს. ოღონდ, ახალ მოდელებს არ შეიმუშავებენ, როგორც არსებული შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ელექტრულ ვარიანტებს. ყველა ახალი ელექტრომობილი, პროექტირების დასაწყისიდანვე ელექტრულ ამძრავ სისტემებზე იქნება ორიენტირებული.
იაპონური კომპანიის ელექტრომობილების გამა მალე ხუთამდე გაიზრდება. ყოველი ახალი მოდელი აღიჭურვება დამუხტვის ინდუქციური სისტემით, რომელიც ელემენტების უკაბელოდ დამუხტვის საშუალებას იძლევა. სიახლეთაგან ერთი „რენო ტვიზის“ ტიპის ჯუჯა ავტომობილი იქნება.

No comments:

Post a Comment