Sunday, October 20, 2013

ძველი კონცეპციები - „პონტიაკ კლაბ დე მერ“

Past Beauties: 1956 Pontiac Club de Mer Concept Car
20 ოქტომბერი
„პონტიაკი“ დღეს ისტორიის კუთვნილებაა, თუმცა ერთ დროს ძალიან პოპულარული ამერიკული ავტოკომპანია იყო და რომელიც „ჯენერალ მოტორსის“ დიდი ოჯახის სიამაყეს წარმოადგენდა. პოპულარული ავტომობილების გარდა, ამ მარკამ ბევრი საინტერესო კონცეპტუალური მოდლითაც გაითქვას სახელი, რომელთაგან ერთ-ერთი, 1956 წლის „ჯენერალ მოტორს მოტორამაზე“ წარმოადგინეს.
ორადგილიანი როდსტერი, სახელად „პონტიაკ კლაბ დე მერ“, ფუტურისტულ სტილში იყო შესრულებული და ავტორებმა საზოგადოებას ის წარუდგინეს, როგორც „მომავლის ოცნების ავტომობილი“. პროექტი ამერიკული კომპანიის დიზაინერმა პოლ გილიანმა შეიმუშავა, მისი კოორდინატორი კი სახელოვანი დიზაინერი და ინჟინერი ჰარლი ერლი იყო.
„ჯენერალ მოტორსმა“ მხოლოდ ერთი კოცეპტუალური „პონტიაკ კლაბ დე მერ“ დაამზადა და სამწუხაროდ, ორ წელიწადში ის დაშალა. სამაგიეროდ, დღემდე შემორჩა 1:4-ზე მასშტაბის მოდელი. ორიგინალური კონცეპტის დაშლიდან 50 წლის შემდეგ კი, კერძო შეკვეთებზე მომუშავე მარტი მარტინომ, ვინც სწორედ კონცეპტუალური ავტომობილების ასლების შექმნასა და აღდგენაზეა სპეციალიზებული, „პონტიაკ კლაბ დე მერის“ რეპლიკა აღადგინა.
მარტინომ თავისი ქმნილების ბაზისად, „პონტიაკის“ ერთ-ერთი მოდელის შასი გამოიყენა, რომელზეც „პონტიაკისვე“ ძრავი „სტრატი სტრიკ“ გამოიყენა, მასთან კი 4-საფეხურიანი ავტომტური ტრანსმისია „ჯეტევეი ჰიდრო-მატიკი“ შეაწყვილა. კონცეპტუალური ავტომობილის რეპლიკის შიდა აგებულება მთლიანად ფოლადის სტრუქტურაა, რომელიც ფოლადისვე კვადრატული მილებითაა გაძლიერებული. რაც შეეხება ძარას, ის შუშის ბოჭკოს კომპოზიტითაა გაკეთებული.
ავტომობილი, ორიგინალური „პონტიაკ კლაბ დე მერის“ ფერში - მოვერცხლისფრო ცისფერშია (ფერის სახელია ცერულეან ბლიუ და ის ჯერ კიდევ 1590 წელს დაარქვეს) შეღებილი, სალონი მეტწილად წითელი ტყავით გააწყეს, წითელია ბორბლის თაღების შიდა ნაწილიც. რეპლიკის ასაწყობად მარტინოს სამი წელი დასჭირდა, მისი დასრულების შემდეგ კი, 2009 წელს, ბარეტ-ჯეკსონის აუქციონზე, „პონტიაკ კლაბ დე მერ-ის“ ზუსტი ასლი 110 000 დოლარად გაიყიდა.

No comments:

Post a Comment