Sunday, October 6, 2013

ალეს ჰულკენბერგ!

Motor racing-Vettel takes fourth win in a row
6 ოქტომბერი
რა თქმა უნდა, რბოლა სებასტიან ფეტელმა მოიგო. ეს მისი ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა და დარჩენილ რბოლებშიც რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ის ვიხილოთ, არავის უნდა გაუკვირდეს. ჰულკენბერგი კი, მართალია, კვარცხლბეკზეც ვერ ავიდა - მის წინ რბბოლა „ლოტუსის“ პილოტებმა დაასრულეს, მაგრამ სტარტიდან ფინიშამდე, გერმანელმა ლომივით იბრძოლა პოზიციის შესანარჩუნებლად და ჯერ ფერნანდო ალონსოს, შემდეგ კი ლუის ჰამილტონს, სულ კუდით ქვა ასროლინა!
ჰულკიმ სტარტზევე ივაჟკაცა - მან პირველ სამ მოსახვევში ორი პოზიციით წინ წაიწია. ჯერ ფელიპე მასას გაასწრო, მესამე მოსახვევში კი ალონსოც ზედ მიაყოლა, რომელმაც მანამ უხეიროდ შეუტია ნიკო როსბერგს. რა თქმა უნდა, ესპანელმა მაშინვე სცადა დაკარგული პოზიციის დაბრუნება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ალონსო კარგა ხანს უტევდა, მაგრამ ვერც DRS-მა ახეირა. მოკლედ, ჰულკი გმირულად იცავდა თავის პოზიციას.
რბოლის მეორე ნახევარში, როცა ტრასაზე პეისკარი პირველად გამოვიდა, ჰულკენბერგი ჰამილტონის უკან აღმოჩნდა და რესტარტზე გაასწრო კიდეც. რა თქმა უნდა, ჰამილტონმა მაშინვე შეუტია, მაგრამ უსაფრთხოების მანქანას ისევ მოუწია გამოსვლა. მეორე რესტარტზე ჰამილტონს ალონსომ გაუარა (მესამე მოსახვევში), თუმცა ბრიტანელმა იქვე საპასუხო მანევრით დაიბრუნა მეხუთე პოზიცია და მაშინვე ჰულკის მიადგა, მაგრამ გერმანელი მაგრად დაუხვდა. მართალია, ფინიშამდე შვიდი წრით ადრე, ჰამილტონმა შეძლო გასწრება, მაგრამ ნიკომ იქვე სრულფასოვანი ხურდა დაუბრუნა.
ჰულკენბერგი რბოლის „ჩრდილოვანი“ გმირი გახდა. ის კვარცხლბეკზე ასვლას იმსახურებდა, მაგრამ ეს იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ შეძლო, რომ მასზე უკეთ კიმი რაიკონენმა და რომენ გროჟანმა იასპარეზეს. როგორც ჩანს, „ლოტუსის“ ბოლიდის გრძელბაზიანი ვერსია საბაზო მოდელზე უკეთესია. თუმცა არა იმდენად, რომ შავებში გამოწყობილ ბიჭებს პირველი საფეხურის დაკავების შანსი ჰქონოდათ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რბოლის დასაწყისში, მესამე მოსახვევში, გროჟანმა ჰამილტონს გაასწრო, რაიკონენმა კი სტარტი მე-9 პოზიციიდან დაიწყო და „თვალსა და ხელს შუა“, ფინიშთან მეორე მივიდა. თან გზად გროჟანს საკმაოდ აგრესიული მანევრითაც გაასწრო.
ზემოთ უსაფრთხოების მანქანის ორჯერ გამოსვლა ვახსენეთ... პირველად ის მას შემდეგ გამოვიდა, რაც სერხიო პერესის „მაკლარენს“ წინა მარჯვენა საბურავი გაუსკდა. რეზინის ზორბა ნაჭერი ტრასის შუაში დავარდა და საჭირო გახდა მისი „ევაკუაცია“. სწორედ ამიტომ გახდა რბოლა „დასაწყნარებელი“. მეორე ინციდენტი კი რესტარტზე მოხდა - ადრიან სუტილის მანქანა ტრასას მოსწყდა და ზედმეტად აჩქარებული, მარკ ვებერისას დაეჯახა. ავსტრალიელმა ბალახებში გაიარა და ტრასაზე დაბრუნება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და იქვე გაჩერდა. მერე კი, უცებ მისი „რედ ბული“ აალდა და აგიზგიზდა. პეისკარი გამოსული არ იყო, რომ ტრასაზე სახანძრო მანქანა გაჩნდა...

ერთი ინციდენტი პერესის საბურავის გასკდომამდეც მოხდა: სტარტ-ფინიშის სწორზე, ნიკო როსბერგი ჰამილტონს ასწრებდა, რომელსაც აშკარად პრობლემები ჰქონდა. მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა მათი მანქანები ერთმანეთს გაუთანაბრდნენ, როსბერგის „მერსედესს“ ცხვირი მოსტყდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. შემხვედრი ჰაერის ჭავლის ზეწოლით, ცხვირმა დაბლა დაიწია, რის გამოც, წინა ანტი ფრთების ვერტიკალური ფირფიტები გზის საფარს შეეხო. აქედან მოყოლებული, როსბერგის მანქანამ ბოქსებამდე ნაპერწკლების ფოიერვერკის აკომპანიმენტით გაიარა. ერთი ინციდენტი სტარტზეც მოხდა, რომელმაც ყველაზე მეტად მასა დააზარალა.
ფეტელი კი, ისევე როგორც სინგაპურში, ამჯერადაც „თავის“ ლიგაში იყო. მას დისკომფორტი არც რესტარტების შემდეგ შექმნია, როცა უსაფრთხოების მანქანის წყალობით, მოპოვებული უპირატესობის დათმობა უწევდა. საბოლოოდ მან რაკონენს მხოლოდ ოთხი წამით აჯობა და კარიერაში 34-ე, მიმდინარე სეზონში კი მერვე გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც, ალონსოსთან მისი უპირატესობა 77 ქულამდე გაიზარდა. ალონსო ამჯერად მეექვსე ადგილს დასჯერდა.
ამგვარად, ფეტელს ერთ კვირაში, იაპონიაშივე შეუძლია ზედიზედ მეოთხე ტიტულის განაღდება. სამისათვის საჭიროა, რომ იქ გაიმარჯვოს და ალონსომ მერვე ადგილზე მაღლა ადგილი არ დაიკავოს. სხვათა შორის, სუზუკაზე შარშან რბოლა სწორედ ასეთი შედეგით დასრულდა - ფეტელმა მოიგო, ალონსო კი რბოლას გამოეთიშა...

კორეის დიდი პრიზი
იონამი, დისტანცია: 308.630 კმ (5.615 კმ, 55 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:43:13.701
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         +00:04.224
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  00:04.927
4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                00:24.114
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         00:25.255
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  00:26.189
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   00:26.698
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               00:32.262
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:34.390
10. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     00:35.155
11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               00:35.990
12. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 00:47.049
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    00:50.013
14. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     01:03.578
15. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  01:04.501
16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     01:07.970
17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   01:12.898
18გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)          2 წრე
19გ. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 3 წრე
20გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)          5 წრე
. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     19 წრე
გ. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             31 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:41.380, 53-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 272 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 195; 3. კიმი რაიკონენი - 167; 4. ლუის ჰამილტონი - 161; 5. მარკ ვებერი - 130; 6. ნიკო როსბერგი - 122; 7. ფელიპე მასა - 89; 8. რომენ გროჟანი - 72; 9. ჯენსონ ბატონი - 58; 10. პოლ დი რესტა - 36; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 31; 12. ადრიან სუტილი - 26; 13. სერხიო პერესი - 23; 14. დანიელ რიკიარდო - 18; 15. ჟან-ერიკ ვერნი - 13; 16. პასტორ მალდონადო - 1

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 402 ქულა; 2. ფერარი - 284; 3. მერსედესი - 283; 4. ლოტუს-რენო - 239; 5. მაკლარენ-მერსედესი - 81; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 62; 7. ზაუბერ-ფერარი - 31; 8. ტორო როსო-ფერარი - 31; 9. უილიამს-რენო - 1; 10. მარუსია-კოსუორტი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0

No comments:

Post a Comment