Tuesday, October 22, 2013

„პორშე“ ფორმულა ერთში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს

Porsche denies latest F1 rumours
22 ოქტომბერი
„პორშემ“ კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ფორმულა ერთში დაბრუნებას გეგმავდეს. ჯერ კიდევ შარშან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ლე მანზე „პორშეს“ დაბრუნება, ფორმულა ერთში დაბრუნების წინ ერთგვარი მოთელვაა და მეტი არაფერი. გერმანული კომპანიის გუნდში მარკ ვებერის გადასვლამ ეს ვარაუდი კიდევ უფრო გააძლიერა.
ვებერის გარდა, ვის ანგარიშზეც ფორმულა ერთში მოპოვებული ცხრა გამარჯვებაა, „პორშე“ ინტენსიურად აგრძელებს საინჟინრო შტაბის გაძლიერებას და აქაც ძირითადად ფ1-ის სპეციალისტებს იწვევს. ასეთები არიან ფრიც ანცინგერი, ალექს ჰიტცინგერი, მაიკ კრაკი და ურს კურატლე. გარდა ამისა, ვაიზენახში უმაღლესი დონის მოტორსპორტული კომპლექსია აგებული, რომელიც აეროდინამიკურ გვირაბსაც მოიცავს.
ეს ყველაფერი საკმარისი საბაბი გამოდგა იმისათვის რომ ჟურნალ “აუტო მოტორ უნდ შპორტის“ კორესპონდენტ ტობიას გრუნერს, ფორმულა ერთში მალე „პორშეს“ დაბრუნების შესაძლებლობა ევარაუდა. მაგრამ ცუფენჰაუზენელთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფ1-თან დაკავშირებით, მის კომპანიას არავითარი გეგმა არ გააჩნია და მთლიანად ლე მანსა და GT კლასებზეა მობილიზებული.
და მაინც, „პორშეს“ ჟურნალის ბოლო ნომერში ნათქვამია, რომ რადგან ფორმულა ერთში ტურბო ეპოქა იწყება, კომპანიის ინჟინრებმა ურთიერთობა დაიწყეს ჰანს მეცგერთან, რომელიც 80-იან წლებში, „მაკლარენის“ საჩემპიონო ბოლიდების შექმნაში მონაწილეობდა. ეს ბოლიდები კი „TAG-პორშეს“ ძრავებით იყო აღჭურვილი.
„ამ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია, რბილად რომ ვთქვათ, მოულოდნელია“, - ამბობს გრუნერი.

No comments:

Post a Comment