Sunday, October 27, 2013

ფეტელმა მეოთხე ტიტული გამარჯვებით მოიპოვა

Motor racing-Vettel takes fourth successive F1 title
27 ოქტომბერი
მისი და „რედ ბულის“ ზედიზედ მეოთხე ტრიუმფი კი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) სოლიდური ჯარიმით და გაფრთხილებით „დააგვირგვინა“. ეს კი იმისთვის, რომ ფეტელმა თავისი ბედაური პადოკის დახურულ პარკში არ შეიყვანა, სტარტ-ფინიშის ხაზზე გავიდა, იქ რგოლები მოხაზა და იქაურობას ბდღვირი ადინა. გაფრთხილება ფეტელს, 25 000 ევროს ჯარიმა კი წითელ ხარებს - ასეთია გერმანელის განავარდების საფასური, რომელმაც ავტოსპორტის მოყვარულებს ალბათ ალექს ძანარდის მსგავსი ტრიუკები გაახსენა.

„შესანიშნავი რბოლა იყო, შენ გრანდებს შორის ხარ მეგობარო, გილოცავ, შენ ეს შესძელი“, - რადიოთივე მიულოცა ფეტელს ტრიუმფი „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა. ჩემპიონმა მისთვის ჩვეულ სტილში უპასუხა და მერე ის ტრიუკები შეასრულა, რომელიც ავსტრიულ გუნდს საკმაოდ ძვირად დაუჯდა, თუმცა გამარჯვებულს ვინ გასჯის.
ფეტელმა ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ის ერთადერთი პილოტია, ვინც ინდურ რბოლას იგებს - ეს მისთვის ბუდზე მოპოვებული მესამე გამარჯვებაა. არაა გამორიცხული, რომ ინდური დიდი პრიზი სხვამ ვერც მოიგოს - ის მომავალი სეზონის კალენდარში არ შევიდა და მართალია, ბერნი ეკლსტოუნი პირობას დებს, რომ ინდურ რბოლას ფ1-ში დააბრუნებს, ამაში ბევრს ეჭვი ეპარება. ინდოეთში ფეტელის კიდევ ერთი მიღწევა ისაა, რომ მას ბუდზე ყველა პრაქტიკა, ყველა კვალიფიკაცია და ყველა რბოლა აქვს მოგებული...
ფეტელი სულ მეოთხე (დანარჩენები არიან ხუან მანუელ ფანხიო, ალენ პროსტი და მიხაელ შუმახერი) მრბოლია, ვინც მინიმუმ ოთხი ტიტულის მოპოვება შეძლო. ამასთან, არის მესამე (ფანხიოსა და შუმახერის შემდეგ), ვინც ოთხი ტიტული ზედიზედ მოიპოვა. და არის ერთადერთი, ვინც პირველი ჩემპიონობის შემდეგ, ეს მიღწევა ზედიზედ კიდევ სამჯერ გაიმეორა.
„თავს როგორ ვგრძნობ? გაოგნებული ვარ. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. სიტყვები არ მყოფნის. ფინიშის ხაზი რომ გადავკვეთე, ერთიანად დაცარიელებული ვიყავი. ამ მომენტზე ბევრი ვიფიქრე, იმაზეც, რა უნდა მეთქვა. სათქმელი ძალიან ბევრია, მაგრამ ახლა სიტყვებს ვერ ვპოულობ“, - კვარცხლბეკზევე გამართულ სახელდახელო ინტერვიუსას განაცხადა ჩემპიონმა, ვინც პიტლეინის წინ რგოლების დახაზვის შემდეგ, მანქანიდან გადმოვიდა და ჯერ მაყურებელს დაუკრა თავი, შემდეგ კი თავისი ბოლიდს წინ დაიჩოქა და ასე გადაუხადა მას მადლობა იმისათვის, რომ მთელი სეზონი ერთგულად ემსახურა და მისი ჩემპიონობაც დიდწილად განაპირობა.
მოგვიანებით, ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, ფეტელმა განაცხადა, ეს ძალიან ძნელი სეზონი იყო, მართალია ბევრს გარედან შეიძლება ეგონოს, რომ ასე არაა, მაგრამ ასე იყო და განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც დაჯილდოებისას მისტვენდნენო. სხვათა შორის, წინა ეტაპებისგან განსხვავებით, ბუდზე თავმოყრილმა მაყურებელმა ფეტელს ჩემპიონის შესაფერისი დახვედრა მოუწყო.
ფეტელის მთავარმა მეტოქემ, „ფერარის“ ფერნანდო ალონსომ რბოლა უქულოდ დაასრულა. მას პირველივე მოსახვევში არ გაუმართლა, სადაც ჯერ უკნიდან მარკ ვებერს უკანა მარჯვენა ბორბალზე მიამტვრია წინა ფრთა, მერე კი მარჯვნივ ჯენსონ ბატონი „მონახა“ და მასაც „წაუთაქა“. მოკლედ, მიჭირხნულ „ფერარის“ მცირე რემონტი - ცხვირის გამოცვლა დასჭირდა. ალონსო მეოცე ადგილზე დაბრუნდა და ფინიშამდე მხოლოდ ცხრა ადგილით წინ წაწევა მოახერხა. მოკლედ, ფეტელს რბოლა უქულოდაც რომ დაესრულებინა, მაინც ჩემპიონი გახდებოდა...
შესანიშნავად იასპარეზა რომენ გროჟანმა, რომელმაც სტარტი მე-17 პოზიციიდან აიღო, ფინიშს კი მესამემ მიაღწია. რა თქმა უნდა, ამაში მას კარგად გათვლილი სტრატეგიაც დაეხმარა, თუმცა უბადლო შესრულების გარეშე, ამ სტრატეგიას ფასი და შედეგიც არ ექნებოდა. რბოლის მიწურულს, ფინიშამდე სამი წრით ადრე, მან თანაგუნდელ კიმი რაიკონენსაც კი გაასწრო (ამ დროს, კიმის რადიოთი კიდევ ერთი ორიგინლური საუბარი ჰქონდა), რომელსაც იმ მომენტში პრობლემები ჰქონდა. გროჟანის შემდეგ, კიმის კიდევ რამდენიმე მრბოლმა გაუარა, თუმცა ბოლოს წრეზე ფინელი გამოცოცხლდა და რბოლის უსწრაფესი წრეც დააფიქსირა.
სამწუხაროდ, ფინიშს კვლავ ვერ მიაღწია მარკ ვებერმა, რომლის მანქანაზეც მე-40 წრეზე მწყობრიდან გამოვიდა გადაცემათა კოლოფი. ვებერს რადიოთი რამდენჯერმე სთხოვეს (ბოლოს მოსთხოვეს), რომ გაჩერებულიყო და ბოლოს მანაც მანქანა ტრასის მიღმა გააჩერა.
თავიდან ფელიპე მასამაც გაინავარდა - მესამე მოსახვევში ერთდროულად ორივე „მერსედესს“ გაასწრო და ფეტელმა რომ პირველი პიტსტოპი შეასრულა (მე-3 წრის დასაწყისშივე), ლიდერიც გაცდა. მაგრამ მერვე წრეზე თავადაც გამოცვალა რეზინი და ამის შემდეგ, გამარჯვების შანსიც დაკარგა. თუმცა, „რედ ბულის“ პილოტების გადამკიდეებს, ეს შანსიც სხვას არც არავის მისცემია. ბრძოლა მხოლოდ უკანა ადგილებისთვის მიმდინარეობდა...

ინდოეთის დიდი პრიზი
ნიუ დელი, ბუდ ინტერნეიშნლი. დისტანცია 307.249 კმ (5.125 კმ, 60 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:31:12.187 (ჩემპიონი)
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   +00:29.823
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  00:39.892
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:41.692
5. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                        00:43.829
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         00:52.475
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         01:07.988
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             01:12.868
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              01:14.734
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   01:16.237
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                01:18.297
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    01:18.951
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1 წრე
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1 წრე
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1 წრე
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1 წრე
17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   2 წრე
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     2 წრე
19გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)            6 წრე
გ. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     21 წრე
გ. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                       25 წრე
გ. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    59 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: კიმი რაიკონენი - 1:27.679, მე-60 წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 322 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 207; 3. კიმი რაიკონენი - 183; 4. ლუის ჰამილტონი - 169; 5. მარკ ვებერი - 148; 6. ნიკო როსბერგი 144; 7. რომენ გროჟანი - 102; 8. ფელიპე მასა - 102; 9. ჯენსონ ბატონი - 60; 10. პოლ დი რესტა - 40; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 39; 12. სერხიო პერესი - 33; 13. ადრიან სუტილი - 28; 14. დანიელ რიკიარდო - 19; 15. ჟან-ერიკ ვერნი - 13; 16. ესტებან გუტიერესი - 6; 17. პასტორ მალდონადო - 1; 18. ვალტერი ბოტასი - 0; 19. ჟიულ ბიანკი - 0; 20. შარლ პიკი - 0; 21. გიედო ფან დერ გარდე - 0; 22. მაქს ჩილტონი - 0

კონსტრუქტორთა პირველობა

1. რედ ბულ-რენო - 470 ქულა; 2. მერსედესი - 313; 3. ფერარი - 309; 4. ლოტუსი-რენო - 285; 5. მაკლარენ-მერსედესი - 93; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 68; 7. ზაუბერ-ფერარი - 45; 8. ტორო როსო-ფერარი - 32; 9. უილიამს-რენო - 1; 10. მარუსია-კოსუორტი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0

No comments:

Post a Comment