Saturday, October 12, 2013

„მაკლარენმა“ „რედ ბულიდან“ აეროდინამიკის სპეციალისტი გადაიბირა

Motor racing-McLaren sign Red Bull aero chief Prodromou
12 ოქტომბერი
„მაკლარენი“ დიდი მონდომებით ემზადება 2015 წლის სეზონისთვის, როცა „ჰონდას“ ტურბო ძრავების გამოყენებას დაიწყებს. გუნდი თავის ტექნიკურ შტაბს აძლიერებს, ახალ ტიტულოვან სპონსორსაც არჩევს და გავრცელებული ხმებით, პილოტების შეცვლასაც აპირებს. მოკლედ, დიდ ცვლილებებს გეგმავს, რამაც ტიტულის მოცილეთა რიგებში უნდა დააბრუნოს.
უოკინგელების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც „ჰონდასთან“ პარტნიორობის გამოცხადების შემდეგ გადადგეს, „რედ ბულიდან“ აეროდინამიკის წამყვანი სპეციალისტის, პიტერ პროდრომუს გადაბირებაა. ეს ამბავი მედიას პირადად გააცნო ფ1-ის მეორე ყველაზე წარმატებული საჯინიბოს შეფმა მარტინ უიტმარშმა.
სუზუკაზე გამართული პრესკონფერენციის დროს, უიტმარშმა განაცხადა, რომ პროდრომუსთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია, თუმცა მისი პირობები არ გაუმჟღავნებია. მანვე დასძინა, რომ ეს გუნდის ტექნიკური შტაბის გასაძლიერებლად გადადგმული ერთადერთი ნაბიჯი არაა და მას კიდევ რამდენიმე მოჰყვება, რომელთა შესახებაც მალე შეგვატყობინებს.
ამის საპასუხოდ, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, „მაკლარენს“ დიდხანს ლოდინი მოუწევს, სანამ პროდრომუ მათთვის მუშაობის უფლებას მიიღებსო. „ჩვენ პეტერთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს და ის ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი წევრია. მის კონტრაქტს გარკვეული ვადა და პირობები აქვს. მას დარჩენას ვერ ვაიძულებდით. თუ მან ასეთი არჩევანი გააკეთა, ეს მისი ნებაა“, - განაცხადა ჰორნერმა.
პროდრომუ ედრიან ნიუის აეროდინამიკოსთა გუნდს წევრია და „რედ ბულში“ ნიუისთან ერთად, სწორედ „მაკლარენიდან“ გადავიდა. სებასტიან ფეტელი აღიარებს, რომ პროდრომუმ „რედ ბულის“ მიღწევებში დიდი როლი ითამაშა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ამბობს, რომ სწორედ მის მიერაა შემუშავებული ბევრი ის ელემენტი, რომლებიც ხარების ბოლიდებს მეტოქეებთან უპირატესობას ანიჭებს. „ძალიან მინდა, რომ პიტერი ჩვენთან დარჩეს. ეს ამბავი ახლახანს გავიგე, როცა მანქანიდან გადმოვედი“, - განაცხადა ფეტელმა.
პროდრომუ ლონდონშია დაბადბული. „მაკლარენში“ ის 1991 წელს მივიდა და 2006 წლამდე იმუშავა. შემდეგ კი ნიუისთან ერთად, „რედ ბულში“ გადავიდა. უოკინგელებთან ბოლოს აეროდინამიკის განყოფილებას უძღვებოდა. ავსტრიულ გუნდში, ნიუისთან ერთად, სამი (როგორც ჩანს, უკვე ოთხი) საჩემპიონო მანქანა შეიმუშავა და მათს სრულყოფაშიც მთავარ როლს თამაშობდა.

No comments:

Post a Comment